19 ნოემბერი 2024,   14:41
ვრცლად
ხმაური ჩხოროწყუს მერიაში - მოსწავლეების მიერ საპირფარეშოს დასუფთავების გამო "ნაცმოძრაობამ" მერის პასუხისმგებლობის საკითხი დააყენა

ჩხოროწყუს მეორე საჯარო სკოლაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის მერიაში დღეს ხმაური და დაპირისპირება იყო. 

წინასწარი ინფორმაციით, მოსწავლეებს სკოლის ხელმძღვანელობამ აიძულა, მერიის შენობა დაესუფთავებინათ. მომხდარის გამო საკრებულოს სხდომათა დარბაზში მწვავე განცხადებები ისმოდა. ოპოზიციამ სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა.

დღესვე, "ნაციონალურმა მოძრაობამ" დააყენა მერის, დავით გოგუას პასუხისმგებლობის საკითხი. 

"გული არ შესტკივათ, რომ ბავშვები დაიჩაგრნენ. ეს ბავშვებს მთელი ცხოვრება გაჰყვებათ. მერმა უნდა დაატოვებინოს, პირველ რიგში, იმ ადამიანს თანამდებობა, ვინც ამ სიბინძურეს "აპრავებდა,"-აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი რევაზ გულუა. 

"უნდა გადადგეს შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები და განათლების სამინისტრომ უნდა გადააყენოს სკოლის დირექტორი,"- აცხადებს "ევროპული საქართველოს" წევრი მერაბ შელია.

"პირადად მე და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერია გმობს ფაქტს, ეს იყო მარაზმი, მიუღებელია ჩვენთვის. ოპოზიცია რამდენიმე თვეა საკრებულოს სხდომას არ დასწრებია და ამ სამარცხვინო ფაქტს იყენებენ თითქოსდა მათ საკეთილდღეოდ,"-აცხადებს ჩხოროწყუს მერის მოადგილე გოჩა ჩიქოვანი. 

მომხდარზე მოკვლევა დაიწყო სახალხო დამცველის აპარატმა. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც იძულებას გულისხმობს.

განათლების სამინისტროში ამბობენ, რომ ფაქტზე შიდა აუდიტის დეპარტამენტმა სწრაფი რეაგირება მოახდინა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები