05 სექტემბერი 2026,   03:37
ვრცლად
საქალაქო სასამართლოში ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

ამ წუთებში, საქალაქო სასამართლოში ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომა რამდენიმეთვიანი პაუზის შედეგ განახლდა. სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2-ის" ყოფილ დირექტორს სახელმწიფო ბრალდება უფლებამოსილების გადამეტებასა და კომპანიის სახსრების მითვისებას ედავება.

ნიკა გვარამიას განცხადებით, ის აუცილებლად დაზარალებული იქნება ამ საქმეში და საქმის პროკურორს პასუხისგება მოუწევს.

"პროკურორს აუცილებლად მოუწევს პასუხისგება ამ ბრალზე სინამდვილეში, როდესაც ხელისუფლება შეიცვლება. მე არ ვარ მოხარული და არ გამიხარდება მისი ციხეში გაშვება, ჩემთვის კმაყოფილება არ იქნება, რომ მისი ოჯახი გაუბედურდება ისე, როგორც ის ცდილობს, რომ ახლა ჩემი ოჯახი გააუბედუროს. დაზარალებული ვიქნები ამ საქმეში თავის დროზე და ამ პროკურორს მოუწევს პასუხისგება," - აცხადებს ნიკა გვარამია.

ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, მათ აქვთ მოლოდინი იმისა, რომ ნიკა გვარამიას საქმის განხილვა საკმაოდ ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება.

"ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ საკმაოდ ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება ნიკა გვარამიას საქმის განხილვა და ამაზე მიუთითებს ის გარემოება, რომ კოვიდპანდემიის პირობებში, როცა ყველა საქმე შეჩერებულია, სადაც საპატიმრო ვადებით არ არის შებოჭილი სასამართლო, გვარამიას წინააღმდეგ საქმის განხილვა განახლდა და ეს სწორედ ამაზე მიუთითებს. არც ერთი პირი გარდა პროკურატურისა და სასამართლოსი, რომლებიც არიან უბრალოდ პოლიტიკური დავალებების შემსრულებლები, არც ერთი პირი, ვინც გაეცნო საქმის მასალებს არ ადასტურებს დანაშაულის ნიშნებს ამ საქმეში," – განაცხადა ადვოკატმა.

საქმის პროკურორის ზვიად გუბელაძის თქმით, დღევანდელ სასამართლო პროცესი ტექნიკური ხასიათისაა.

"იმის გათვალისწინებით, რომ ვართ ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზე და სასამართლო შეგვეხმიანა, რომ დღეს პროცესი იყო და არ უთქვამს, რომ ჩვენ უნდა მოგვეყვანა მოწმეები ან გამოგვეკვლია წერილობითი მტკიცებულებები. გვაქვს გონივრული მოლოდინი, რომ ეს იქნება ტექნიკური ხასიათის სხდომა, სადაც სასამართლო მხარეებთან შეთანხმებით ჩანიშნავს შემდგომი სასამართლო სხდომის თარიღს და დაგვავალდებულებს უკვე, რომ წარმოვადგინოთ მოწმეები და გამოვიკვლიოთ წერილობით მტკიცებულებები," - აცხადებს საქმის პროკურორი.

დღის ამბები