ჩხოროწყუში სკოლის მოსწავლეებისთვის მერიის საპირფარეშოების დასუფთავების იძულების ფაქტზე "დასუფთავების აქციის" ინიციატორს, ეთერ ჯაფარიძეს განმარტებების გაკეთება სამართალდამცავებთან მოუხდა. მერიის ყოფილი თანამშრომელი ფიქრობს, რომ ფაქტი გაზვიადებული, ქმედება კი ზნეობრივად მაღალია.
არასრულწლოვნების სავარაუდო იძულების ფაქტზე, მშობლებისა და სოციალური მუშაკების თანდასწრებით, დაიკითხნენ თავად სკოლის მოსწავლეებიც. მშობლები დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებენ, თუმცა განმარტავენ, რომ დასუფთავების აქციაში შვილების მონაწილეობაზე იცოდნენ.
25 იანვარს მომხდარზე გამოძიების ფარგლებში პოლიციაში იმყოფებოდა მეორე საჯარო სკოლის დირექტორიც. ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა განმარტებების გაკეთება არც თავად ისურვა და პედაგოგების ნაწილსაც აუკრძალა. უფრო მეტიც, კითხვებისგან თავის დასაღწევად, სკოლას მთელი დღის განმავლობაში პოლიცია იცავდა.
სკოლის მოსწავლეების მიერ მერიის საპირფარეშოების დასუფთავების ფაქტზე გამოძიება იძულების მუხლით მიმდინარეობს, რაც ისჯება გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე, ან 18 თვემდე თავისუფლების აღკვეთით.