რა კავშირშია დავით დარჩიაშვილი სადავო ტერიტორიების საქმესთან - პარლამენტის ყოფილი წევრი გენერალურ პროკურატურაშია დაბარებული. ცნობილია, რომ მისი გამოკითხვა იგეგმება დავით გარეჯის საქმის ფარგლებში.
გამოძიება ინტერესდება ორი მოწვევის დეპუტატის 9 წლის წინ გაკეთებული განცხადებით, სადაც დარჩიაშვილი აღნიშნავს, რომ სასაზღვრო ზოლის მაშინდელი მოცემულობით გარეჯის 2% ხვდებოდა მეზობელი აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ.
"საბაბი რა გახდა დაბარების, ჩემს საპარლამენტო გამოსვლას იხსენებენ და აქ მინდა უბრალოდ შევახსენო, რომ რაც არ უნდა მეთქვა, მათივე გადაკეთებული კონსტიტუციით, რომელიც 2018-ში მიიღეს, არის მუხლი, რომელიც დეპუტატზე ასეთ დაკითხვებს, რა თქვა მან დებატების დროს, საიდან ჰქონდა ინფორმაცია, დეპუტატს ამისგან ათავისუფლებს და არავითარი უფლება არ აქვს პროკურატურას, რომ ამ თემებზე მელაპარაკოს.
ის რა ვითარებაც არის საზღვარზე, არის პასუხისმგებლობა სერგო ორჯონიკიძის და სტალინის და მათ მოთხოვონ თუ უნდათ პასუხი და ვინც ახლა დელიმიტაციის კომისიის წევრების, მესაზღვრეების სახით ცდილობს ჩვენი ისტორიული მემკვიდრეობა დაიცვას, გააკონტროლოს და იმათ, რომ აბრალებ იმ ყველაფერს, რაც წინაპრების დანაშაულია, ეს არის სრულიად არაადეკვატური," - განაცხადა დავით დარჩიაშვილმა.