12 წლით გაგრძელებული უკანონო სასჯელი - 7 თვის წინ დაკავებული ზაზა გახელაძე ე.წ. სასამართლომ დამნაშავედ ცნო. ოკუპანტების ტყვეობაში მყოფ ახალგაზრდა მამაკაცს ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთასთან ერთად, ე.წ. სამართალდამცავის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობასაც ედავება.
გადაწყვეტილების გამოცხადებას წერილობითი განცხადებებით უპასუხეს თბილისიდან საგარეო საქმეთა სამინისტრომ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა.
ოფიციალური თბილისის პოზიციით, ეს არის დანაშაულებრივი არსი, რომელზეც მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტიანი კონტროლის განმახორციელებელ ძალას.
ზაზა გახელაძის მეუღლის განცხადებით, არსებული გადაწყვეტილება მათთვის მოულოდნელი იყო და ადვოკატი უკანონოდ გამოტანილ სასჯელს გაასაჩივრებს.
"არ ველოდით ამდენს, მოულოდნელი იყო. მოლოდინი, იმედები იყო და დღესაც, ალბათ, არ დაკარგავს იმედს ადვოკატი და გასაჩივრებას ექვემდებარება, ადვოკატი გაასაჩივრებს. წინა პროცესში იყო ბევრი გარემოება, რომელიც ორივე მხარეს ემთხვეოდა. ჩვენებები რუსების, რომ განზრახ სროლა არ იყო, იყო გასროლა, მაგრამ დღეს, უკვე, რა მოხდა და რატომ გამოუტანეს ამდენი, ჯერჯერობით, ინფორმაცია არ გვაქვს," - აცხადებს ზაზა გახელაძის მეუღლე.
ე.წ. სასამართლოს მიერ დაკავებული ზაზა გახელაძის დედა ამბობს, რომ სახელმწიფოს მოქმედების იმედი აქვს.
"გვპირდება სახელმწიფო, რომ ახლა უფრო აქტიურ ფაზაში ვიმოქმედებთო და ვნახოთ, აბა, რას იმოქმედებენ. არაფერი დაუშავებია და ამდენი მიუსაჯეს, აქეთ დაჭრეს," - აცხადებს ზაზა გახელაძის დედა.
ცხინვალის ე.წ სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12.5 წლით პატიმრობა მიუსაჯა.