პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, სადაც სხვადსხვა სფეროს წარმომადგენლები თეატრალიზებული ფორმით გამოხატავენ უკმაყოფილებას მთავრობის მისამართით, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები მივიდნენ. ისინი აქციის მონაწილეების მოთხოვნებს ლეგიტიმურად აფასებენ და ხელისუფლებს მისი დაკმაყოფილებისკენ მოუწოდებენ.
”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, აკაკი ბობოხიძე ამბობს, რომ აქციის მონაწილეების მოთხოვნები უნდა დაკმაყოფილდეს და ქვეყანამ რეგულაციების დაცვის მუშაობა უნდა დაიწყოს.
"აქციის მონაწილეების მოთხოვნები არა თუ ლეგიტიმურია, არამედ მისი შესრულება არის სასიცოცხლოდ აუცილებელი ქვეყნისთვის და მე მინდა ჩვენმა ხალხმა გააცნობიეროს ერთი მარტივი ჭეშმარიტება, ის რაც გვეკუთვნის თუ არ მოვითხოვეთ და არ მოვიპოვეთ, არავინ არ მოგვცემს არც ერთი მთავრობა და არც ერთი კეთილი ძია და თუ ქვეყანა არ გაიხსნა, მაშინ ქვეყანა მიექანება კატასტროფული სისწრაფით უფსკრულისკენ," - ამბობს აკაკი ბობოხიძე.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ზვიად ქვლივიძე ხელისუფლებისა და ბიზნეს სექტორის აქტიური კომუნიკაციისა და თანამშრომლობის მნიშვნელობაზე საუბრობს.
"კონკრეტულად ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა დაიწყოს ბიზნესთან საუბარი და ბიზნესს უნდა შეხედოს როგორც პარტნიორს და არა როგორც ცალკე მდგომ სექტორს. ბიზნესი და ხელისუფლება უნდა იყვნენ მჭიდრო თანამშრომლობაში, იმისათვის რომ შემუშავდეს ეფექტური გეგმა. ბიზნეს ესმის ყველაზე კარგად რა დეტალებია იმ სფეროში და სპეციფიკაა გასათვალისწინებელი, როდესაც გადაწყვეტილებებს იღებს ხელისუფლება ნებისმიერ შეზღუდვებთან თუ არ შეზღუდვებთან დაკავშირებით," - განაცხადა ზვიად ქვლივიძემ.
პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე, ცოტა ხნის წინ, მცირე ინციდენტს ჰქონდა ადგილი, მამაკაცი რომელიც მოთხოვნებს აგრესიულობითა და გინებით გამოხატავდა პოლიციამ ადგილიდან განარიდა.
შეგახსენებთ, უკვე ერთი საათია სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, თეატრალიზებული ფორმით გამოხატავენ უკმაყოფილებას მთავრობის მისამართით. მათი განცხადებით, ხელისუფლებამ COVID-19-ისგან დაცვის საბაბით, ისინი შიმშილისთვის გაწირა. მოძრაობა სახელწოდებით "სოცაფეთქება" შეზღუდვების მოხსნას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაუმორჩილებლობით იმუქრება.