15 თებერვლიდან იხსნება სკოლები, სადაც სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდება. თბილისში, რუსთავში და ქუთაისში მოსწავლეები შეძლებენ, საკლასო ოთახებს დაუბრუნდნენ.
რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, პროცესი ახალი წესების დაცვით აღდგება. განათლების სამინისტრო განსაკუთრებით ემზადება შეზღუდვების მოხსნის ამ ეტაპისთვის. მე-5 კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით, ბავშვებისთვის პირბადის ტარება სავალდებულო ხდება.
"განათლების სამინისტროს ინფრასტრუქტურის განვითარების მიერ შესყიდულ იქნა საჭირო რაოდენობის ხელის სადეზინფექციო ხსნარები, დეზობარიერები, თერმოსკრინინგის აპარატები და ყველა ის საჭირო ინვენტარი, რაც აუცილებელია სკოლაში უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად.
აქ უნდა განიმარტოს, რომ აღნიშნული პროდუქცია უკვე მიწოდებულია სკოლებისთვის, რაც საკმარისია მთელი სასწავლო წლის განმავლობაში, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ მოვახდენთ დამატებით მობილიზებას აღნიშნული ინვენტარის და სხვა საჭირო ნივთების. აქვე უნდა განიმარტოს, რომ ყველა სკოლაში დაცულია სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები," - აცხადებს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორი დავით ფარცვანია.