საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებული ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა.
გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა კალიჩენკომ მიიღო, რომელმაც დღეს ბრალდებისა და დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელა. მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობებიდან მხოლოდ ნაწილი დააკმაყოფილა. ბრალდების მხარეს კი უარი მხოლოდ ერთ შუამდგომლობაზე უთხრა.
საქალაქო სასამართლოში იყვნენ და სხდომას ესწრებოდნენ საქართველოს ტერიტორიების წინააღმდეგ ჩადენილ ქმედებაში ბრალდებულებიც. ნატალია ილიჩოვას და ივერი მელაშვილს დღეს მოსამართლის წინაშე სიტყვით გამოსვლის საშუალება კიდევ ერთხელ მიეცათ. ბრალდებულებმა მათ წინააღმდეგ მტკიცებულებების არარსებობასა და საკუთარ უდანაშაულობაზე გაამახვილეს ყურადღება.
დღევანდელი წინასასამართლო სხდომის დასრულებით ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმე სასამართლოს უკვე არსებითად განსახილველად გადაეცა. მორიგი სასამართლო პროცესი 2 მარტს გაიმართება.