17 მაისი 2024,   06:08
ვრცლად
თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას პროცესი მიმდინარეობს - ენმ-ის ლიდერი სასამართლოს არ ესწრება

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას პროცესი მიმდინარეობს.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე მიმდინარე სასამართლო პროცესს არ ესწრება.

ამ წუთებში, სასამართლოს სიტყვით პროკურორი მიმართავს, ბრალდების მხარე აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 40 000-ლარიანი გირაოს პატიმრობით შეცვლას ითხოვს. დაცვის მხარე კი აცხადებს, რომ ნიკა მელია აღკვეთის ღონისძიების გარეშე უნდა დარჩეს. 

შეგახსენებთ, პროკურატურის განცხადებით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიას გირაოს პირობების შეუსრულებლობის გამო მანამდე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გაუმკაცრდა და გირაოს ოდენობა გაიზარდა 40 000 ლარით. ბრალდების მხარე ნიკა მელიას 2019 წლის 20-21 ივნისის ღამეს ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას ედავება. პროკურატურამ გირაოს გაზრდილი ოდენობის გადახდისთვის ნიკა მელიას ერთკვირიანი ვადა მისცა, რომელიც 12 თებერვალს ამოიწურა. პროკურატურის განმარტებით  გირაოს თანხის გადაუხდელობის გამო ბრალდების მხარემ მიმართა სასამართლოს მის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობით შეცვლის თაობაზე, ამისთვის პროკურატურას პარლამენტის თანხმობა და ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნა სჭირდებოდა. პარლამენტმა 88 ხმით 2-ის წინააღმდეგ ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებას მხარი დაუჭირა.

 

დღის ამბები