ისნისა და სამგორის რაიონში მცხოვრებ 41 ოჯახს, რომელსაც წლების განმავლობაში საცხოვრებლების დაკანონების პრობლემა ჰქონდა, თბილისის მერიამ საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად დაუკანონა.
დედაქალაქის მერის განცხადებით, პროექტის ფარგლებში, ჯამში, 1500 ოჯახს უკვე დაუკმაყოფილდა მოთხოვნა ფართების დაკანონებასთან დაკავშირებით.
კალაძე მიმართავს ყველა იმ ოჯახს, რომელთაც ანალოგიური პრობლემა აწუხებს, მიმართონ რაიონის გამგეობას. მერის განცხადებით, ამ დრომდე გრძელდება განცხადებების მიღება.
"ეს არის ძალიან მაგარი პროგრამა, რომელიც ჩვენ წამოვიწყეთ. წინასაარჩევნო დაპირება იყო და ძალიან ბევრი ოჯახი დავაკმაყოფილეთ. მინდა მივმართო, ასევე, ყველა იმ ოჯახს, იმ ადამიანებს, ვისაც ანალოგიური პრობლემა აწუხებთ, რომ ცხოვრობენ გარკვეულ საცხოვრებელ ფართებში და წლებია ვერ ახერხებენ დაკანონებას, აუცილებლად უნდა მიმართოთ თქვენივე რაიონის გამგეობას და ზედმიწევნით აგიხსნიან, თუ რა დოკუმენტაცია არის საჭირო, იმისთვის, რომ შემდეგში მოხდეს, იმ საცხოვრებელი ფართების დაკანონება სადაც თქვენ იმყოფებით," - ამბობს კახი კალაძე, თბილისის მერი.