საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 3 მარტს, მე-4 მექანიზებული ბრიგადის ტერიტორიაზე საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურემ, I კლასის რიგითმა ჯ.ძ.-მ განწესში მორიგეობის დროს თვითმკვლელობის მიზნით, თავისივე ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა განახორციელა.
უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სამხედრო მოსამსახურე დაუყონებლივ გადაიყვანეს საავადმყოფოში შესაბამისი სამედიცინო მომსახურების აღმოჩენის მიზნით, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
"მომხდართან დაკავშირებით, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის მიერ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გამოძიების პირველადი ინფორმაციით, მომხდარი შემთხვევა სავარაუდოდ ოჯახურ პრობლემებს უკავშირდება.
თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს აღნიშნული ტრაგიკული ფაქტის გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს,"- ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.