მდინარე რიონზე დაგეგმილი ჰესების მშენებლობის საკითხს განიხილავენ დღეს პარლამენტში. თემაზე სასაუბროდ საკანონმდებლო ორგანოში ეკონომიკისა და გარემოს დაცვის მინისტრები არიან დაბარებული. ნათია თურნავას და ლევან დავითაშვილს შესაბამისი ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე მოუსმენენ.
რაჭა-ლეჩხუმში ჰესების მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით პარლამენტში 10 000-ზე მეტი მოქალაქის ხელმოწერილი პეტიცია უკვე შესულია. პეტიციის ავტორები ამტკიცებენ, რომ ონისა და ნამახვანის კასკადების მშენებლობა რეგიონს სერიოზული საფრთხის წინაშე აყენებს და ჰიდროელექტროსადგურებთან დაკავშირებული ხელშეკრულებების გასაჯაროებას ითხოვენ.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლების ვალდებულებაა ჰესების აუცილებლობა ადგილობრივ საზოგადოებას აუხსნან.
"ჩვენს ქვეყანაში ენერგოდამოუკიდებლობა არის ერთ-ერთი გარანტია იმისა, რომ ზოგადად ქვეყნის სუვერენული დამოუკიდებლობა იყოს გარანტირებული, მაგრამ რა თქმა უნდა მეორეს მხრივ ეს არის ჩვენი ვალდებულება და ზოგადად ხელისუფლების ვალდებულება იმასთან დაკავშირებით, რომ ადგილობრივ საზოგადოებას ავუხსნათ როგორც ჰესების აუცილებლობა, ასევე ის პირობები, რაც აქვს გათვალისწინებული ინვესტორს, სახელმწიფოს. ის, რომ აქ არანაირი პრობლემა იმასთან დაკავშირებით, რომ მომავალში ვინმეს რაიმე ტიპის პრობლემა შეიძლება შეექმნას," - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილის ნინო ლაცაბიძის განცხადებით, ჰესების მშენებლობა საქართველოში ენერგოდამოუკიდებლობას ემსახურება.
"დარწმუნებული ვარ, რომ მინისტრებისგან მოვისმენთ ძალიან დეტალურ ინფორმაციას და მივიღებთ სრულად იმ კითხვაზე პასუხს, რომელიც ისმის როგორც მოსახლეობიდან, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებიდან. მთავარი არის, რომ რისკებთან დაკავშირებით გვქონდეს სრული ინფორმაცია. ჩვენ ვიცით, რომ ჰესების მშენებლობა ემსახურება ენერგოდამოუკიდებლობას ქვეყანაში და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი ერთის მხრივ, თუმცა აუცილებელია საზოგადოებას ძალიან დაწვრილებით და სრულად მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ მათ აღარ დარჩეთ არც ერთი კითხვის ნიშანი," - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე ნინო ლაცაბიძემ.