03 მაისი 2024,   04:44
ვრცლად
პროპორციული ზომის გამოყენებასთან დაკავშირებით დათქმა სტანდარტულ ფორმას წარმოადგენს - საქალაქო სასამართლო "TV პირველის" საქმეზე 

"TV პირველთან" დაკავშირებით გაცემული განჩინების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლო განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, იძულების პროპორციული ზომის გამოყენებასთან დაკავშირებით დათქმა წარმოადგენს სტანდარტულ ფორმას, რომელიც სხვა უამრავ მსგავს შემთხვევებშიც ეთითება ანალოგიურ განჩინებებში და არანაირი განსხვავებული წესი ამ შემთხვევაში არ გამოყენებულა.

"2021 წლის 9 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა, რომლის თანახმადაც საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის გამომძიებლებს ნება დაერთოთ განახორციელონ საგამოძიებო მოქმედება - ამოღება, კერძოდ 2021 წლის 6 მარტს გადაცემა "ნოდარ მელაძის შაბათის" რეპორტაჟში მითითებული კონფიდენციალური წყაროს მიერ "TV პირველისათვის" გადაცემული (გაგზავნილი) ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობის ამოღება, რომელზეც ჩაწერილი იყო კერძო საუბრები. ასევე კონვერტი, ან სხვაგვარი შეფუთვა.

გასათვალისწინებელია, რომ საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად გაცემულ სხვა განჩინებებშიც, სასამართლო ხელმძღვანელობს და მიუთითებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 111-ე მუხლის მე-7 ნაწილით, რომლის თანახმადაც დასაშვებია საგამოძიებო მოქმედებების ჩამტარებელმა პირმა ან ორგანომ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისათვის წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში, გამოიყენოს იძულების პროპორციული ზომა და ეს კანონის დანაწესიდან გამომდინარეობს. შესაბამისად აღნიშნული დათქმა წარმოადგენს სტანდარტულ ფორმას, რომელიც სხვა უამრავ მსგავს შემთხვევებშიც ეთითება ანალოგიურ განჩინებებში და არანაირი განსხვავებული წესი ამ შემთხვევაში არ გამოყენებულა," - ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.

პროკურატურამ 9 მარტს გამოძიება დაიწყო კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის ან/და მიყურადების, ასევე კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. 

იმავე დღეს, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოდან მიღებული იქნა განჩინება "TV პირველიდან"  იმ ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობის ამოღებაზე, რომელზეც დატანილი უნდა ყოფილიყო 6 მარტს "ნოდარ მელაძის შაბათის" რეპორტაჟში გამოყენებული კერძო საუბრების ამსახველი ჩანაწერები. 

განჩინების იმ ნაწილმა, სადაც საუბარია იძულების პროპორციული ზომის გამოყენებაზე, პროტესტი გამოიწვია და მედიაზე მოსალოდნელ შეტევად შეფასდა.

დღის ამბები