08 სექტემბერი 2026,   09:45
ვრცლად
გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმე - მსჯავრდებულთა ადვოკატები არ გამორიცხავენ რომ სტრასბურგის სასამართლოს მიმართონ

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვნები  ზ.ხ. და ა.ქ სასამართლოს გადაწყვეტილებით ციხეში 10 წელსა და 6 თვეს გაატარებენ. დღევანდელ განაჩენს პროტესტი მოჰყვა მსჯავრდებულთა ოჯახის წევრების მხრიდან. ადვოკატები არ გამორიცხავენ, რომ საქმე სტრასბურგის სასამართლომდე მივიდეს.

"სტრასბურგის სასამართლო აუცილებლად იმსჯელებს ამ გადაწყვეტილებაზე, როგორც უკანონო და მტკიცებულებების არარსებობის ფონზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე. ეს ყოველთვის იქნება ღირსების შემლახავი გადაწყვეტილება ამ მოსამართლისთვის, სტურუა არის მოსამართლე, როგორიც არ უნდა იყოს მოსამართლე," - აცხადებს ზ.ხ-ს ადვოკატი გიორგი გელხაური.

სტრასბურგის სასამართლომდე ყველა შიდა სამართლებრივი ბერკეტის გამოყენებას გეგმავს საქმეზე ბრალდებული ვახტანგ ჩიქოვანის ადვოკატი ლელა გოგოლაძეც:

"აბსოლუტურად ყველა სამართლებრივ ბერკეტს მივმართავთ, რომლითაც ჩვენ დავადასტურებთ ამ ადამიანების ამ ბრალდებულების უდანაშაულობას. მივმართავთ თუ არა სტრასბურგის სასამართლოს, ამას გვიჩვენებს სააპელაციოში და შემდეგ უზენაესში დამდგარი შედეგი. თუმცა, ვერ გამოვრიცხავ რომ ჩვენ მივიდეთ სტრასბურგამდე, იმიტომ, რომ სააპელაციო სასამართლოშიც და უზენაეს სასამართლოშიც ისევ ჩვენი ქვეყნის რეალობა გვაქვს და იგივე სახელმწიფო გვაქვს," - აღნიშნა ლელა გოგოლაძემ.

რაც შეეხება ბრალდების მხარეს, პროკურორი დავით ყაზაიშვილი არ ეთანხმება მსჯავრდებულთა ოჯახის წევრების პრეტენზიას და პროტესტს და აცხადებს, რომ ისინი არ ფიქრობენ ახალგაზრდა ადამიანზე, რომელსაც სიცოცხლე მოუსპეს:

"სამწუხაროა ის, რომ ახალგაზრდა ადამიანი აღარ არის ამ ქვეყანაზე, მას სიცოცხლე მოუსპეს მსჯავრდებულებმა და ისევ მათი ახლობლები და ოჯახის წევრები გამოდიან ქუჩაში და გამოთქვამენ პრეტენზიას, რომ თურმე უპატრონოდ დარჩნენ. ისინი არ ფიქრობენ გარდაცვლილ გიორგი შაქარაშვილზე, რომელიც აღარ არის ამ ქვეყანაზე და ვეღარასდროს დაიბრუნებს მისი დედა და მისი ოჯახი მას," - აცხადებს პროკურორი დავით ყაზარაშვილი.

დღის ამბები