03 მაისი 2024,   07:59
ვრცლად
ნიკა გვარამიას საქმეზე ბრალდების მხარის მოწმე დაიკითხა - სახელმწიფო ბრალდების მტკიცებით, მან სასამართლოს მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა

ნიკა გვარამიას საქმეზე ბრალდების მხარის მოწმე დაიკითხა - ის ერთ-ერთი სარეკლამო სააგენტოს ხელმძღვანელი იყო. სახელმწიფო ბრალდების მტკიცებით, მოწმემ სასამართლოს საქმესთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა.

"დაცვის მხარე ყოველთვის აპელირებდა, რომ ვინაიდან სამშენებლო კომპანიას არ ჰქონდა შესაბამისი სახსრები, რათა რეკლამის საფასური გადაეხადათ, ამის სანაცვლოდ მათ მიიღეს საკუთრებაში საცხოვრებელი ბინა, თუმცა დღეს ჩვენ წარვუდგინეთ მოწმეს დოკუმენტაცია, რომლითაც დასტურდება, რომ აღნიშნულ კომპანიას გააჩნდა საკუთარი სახსრები და სწორედ თანხობრივად მოხდა ფულის გადახდა სარეკლამო სააგენტოსთვის და დაცვის მხარის ეს არგუმენტები, აღნიშნული მოწმის ჩვენებით და წარდგენილი დოკუმენტებით სრულად გაბათილდა," - აცხადებს პროკურორი ზვიად გუბელაძე.

დაცვის მხარის განცხადებით კი, დღეს და აქამდე დაკითხული მოწმეების ჩვენებები ნიკა გვარამიას მიმართ წაყენებულ ბრალდებას ვერ ადასტურებენ.

"მოწმემ განაცხადა, რომ დავალიანება ნამდვილად არსებობდა, კერძოდ სამშენებლო კომპანიას ჰქონდა დავალიანება. "სეილს ჰაუსიც" და თვითონაც სარეკლამო სააგენტოც ცდილობდნენ ამ დავალიანების მიღებას, თუმცა ვერ მოახერხეს ეს და მერე მოხდა შეთანხმება უძრავი ქონებით მომხდარიყო გაქვითვა ამ ვალდებულების. არაფერი, ბუნებრივია, ამაში უკანონო არ არის და ესეც ნათლად, ცალსახად დაადასტურა მოწმემ," - აცხადებს ნიკა გვარამიას ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი.

"რუსთავი 2-ის" საქმეზე ბრალი ნიკა გვარამიას, ასევე "რუსთავი 2-ის" ყოფილ ფინანსურ დირექტორს კახა დამენიასა და "ინტერ მედია პლიუსის" დირექტორს ზურაბ იაშვილს წაუყენა. გვარამიას ბრალად ედება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით "რუსთავი 2-ის" კუთვნილი ქონებრივი უფლების გაფლანგვა, კომერციული მოსყიდვა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია.

დღის ამბები