ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, 27 წლის ექთნის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, თუმცა სტაბილურია და უიმედო არ არის. ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
ეკატერინე ტიკარაძის თქმით, მედიკოსთა მიერ ახალგაზრდა მედდის ჯანმრთელობის კლინიკური მდგომარეობა შოკის კვალიფიკაციით შეფასდა.
მინისტრის განცხადებით, მას ყველა საჭირო კვლევები უტარდება და კვლევებმა უნდა დაადგინონ რამ გამოიწვია ექთნის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება.
თბილისში პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 27 წლის ექთნის მკურნალობის პროტოკოლზე იმსჯელეს.
"ესწრებოდნენ ექიმების სრული შემადგენლობა, მათ შორის იყო ექიმი, რომელმაც პაციენტს გაუწია ადგილზე საჭირო დახმარება. მისი მხრიდან ჩვენ მოვისმინეთ რა კონკრეტული ქმედებები იქნა განხორციელებული პაციენტთან მიმართებაში.
ამ ეტაპზე პაციენტის მდგომარეობა შეფასებულია შოკის კლინიკით. მისი მდგომარეობა არის სტაბილურად მძიმე. ამ ეტაპისთვის მას უტარდება ყველა საჭირო კვლევა, რომელიც შემდგომში იქნება გათვალისწინებული მისთვის საჭირო მკურნალობის ტაქტიკის შემუშავებისთვის.
ექიმებმა ასევე მიიღეს გარკვეულ ნაბიჯებზე გადაწყვეტილება თუ როგორი იქნება შემდგომი ტაქტიკა კვლევების შედეგად დაზუსტებული მდგომარეობის შემდეგ. თუ საჭირო გახდება რა თქმა უნდა იქნება შეტანილი შესაბამისი ცვლილებები.
მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ შემდეგი 24 საათი არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი პაციენტის დინამიკის განვითარებისთვის, უნდა დაველოდოთ შემდეგ მოვლენებს.
ამ ეტაპზე პაციენტის მდგომარეობა არის კრიტიკულად მძიმე, თუმცა არა უიმედო," - აცხადებს ეკატერინე ტიკარაძე.
კონსილიუმს, რომელსაც კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი ექიმებთან ერთად მართავს, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და მისი მოადგილე თამარ გაბუნიაც ესწრებიან.
შეგახსენებთ, ახალციხის რეგიონის "იმედის" კლინიკის ახალგაზრდა ექთნის მდგომარეობა, რომელიც AstraZeneca-ს პრეპარატით აცრის შემდეგ კომაში ჩავარდა კვლავ მძიმეა. ის რეგიონიდან თბილისში პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კატასტროფის ბრიგადამ გადმოიყვანა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში ვაქცინაციის დაწყებიდან პირველი სერიოზული გვერდითი რეაქციის გამოვლენის მიუხედავად ქვეყანაში AstraZeneca-ს პრეპარატით ვაქცინაცია არ შეჩერდება.