05 სექტემბერი 2026,   01:54
ვრცლად
ლევან რატიანს აქვს იმედი, რომ შეიძლება გამოძვრეს მდგომარეობიდან - კომაში მყოფი ექთნის ახლობელი

კრიტიკულად მძიმეა ახალციხეში ვაქცინირებული ექთნის მდგომარეობა. ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში რჩება. გაიმართა სპეციალისტების კონსილიუმი და განისაზღვრა მკურნალობის პროტოკოლი. შეხვედრას ესწრებოდა ჯანდაცვის მინისტრიც. მისი განცხადებით, მდგომარეობა მძიმე თუმცა საიმედო.

კლინიკასთან იმყოფებოდნენ 27 წლის ექთნის ახლობლებიც, მათთან ახალციხის მაჟორიტარი დეპუტატი და ადგილობრივი ოპოზიციის წარმომადგენლებიც მივიდნენ.

"მისი მდგომარეობა ფასდება როგორც მძიმე, იმყოფება ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზეჰემოდინამიკა არასტაბილურია. ჩატარდა ყველა კვლევა რაც პროტოკოლით არის გათვალისწინებული. ვიცით რომ გაკეთდა ინექცია, და ვერ გეტყვით რამ გამოიწვია ეს ყველაფერი. დადასტურებისთვის უფრო ღრმა კვლევებია ჩასატარებელი. აღნიშნულიდან გამომდინარე ჩვენი პირველი მიზანია, რომ რაც შეიძლება სწრაფად იქნას გამოყვანილი პაციენტი შოკური მდგომარეობიდან და დაიწყოს მისი გამოჯანმრთელება,"- აცხადებს თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი ლევან რატიანი.

27 წლის ექთნის მეგი ბაქრაძის ახლობლის ნინო უჩანეიშვილის თქმით, ჯერჯერობით ზუსტი დიაგნოზი არ იციან რადგან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ფორმა 100 ახალციხიდან არ მიუღიათ, თუმცა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელზე დაყრდნობით ამბობს, რომ პაციენტის გადარჩენის შანსი არსებობს.

"ლევან რატიანს აქვს იმის იმედი, რომ შეიძლება და გვაქვს იმის შანსი, რომ გამოძვრეს მდგომარეობიდან, 3 დღე- ღამე არის კრიტიკული და განსაკუთრებით პირველი 24 საათი. ვერ აკონკრეტებს ბატონი ლევანი მის დიაგნოზს რისგან არის გამოწვეული, რადგან ახალციხის საავადმყოფოდან ფორმა 100 მოსული არაა. კომატორზურ მდგომარეობაშია. ალერგიულს ჰგავსო," - აცხადებს ნინო უჩანეიშვილი.

შეგახსენებთ, ახალციხის კლინიკაში 27 წლის ექთანი მეგი ბაქრაძე COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრის გაკეთებიდან დაახლოებით 30-40 წუთში კომაში ჩავარდა. მეგი ბაქრაძე თბილისში პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გუშინ საღამოს კატასტროფის მედიცინის ბრიგადის ეკიპაჟმა ჩამოიყვანა.

დღის ამბები