რიგ ქვეყნებში ვაქცინაციის პროცესის გარკვეული პერიოდით შეჩერებას და ახალციხეში გუშინ მომხდარ შემთხვევას ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი "დილა მშვიდობისა საქართველოს" ეთერში გამოეხმაურა. ზაზა წერეთლის თქმით, ალერგიული რეაქციის შესაძლებლობაზე თავად ვაქცინის მწარმოებლებიც საუბრობდნენ. თუმცა ქვეყნები ხელმძღვანელობენ უფრო მეტი სარგებლის პრინციპით:
"ანტივაქსერებმაც იცოდნენ, რომ ამ ვაქცინების მწარმოებლებს დიდი ხანია გამოქვეყნებული აქვთ, რომ ამ ვაქცინამ შეიძლება ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს.
ამ შეჩერებებმა აჩვენა, რომ ქვეყნები ძალიან სერიოზულად ეკიდებიან ამ საკითხს და ფრთხილობენ. 11 მილიონზე მეტი აცრა იყო გაკეთებული და უბრალოდ 4-5 შემთხვევა როგორც კი დაფიქსირდა, შეაჩერეს დროებით და დაიწყებს გამოკვლევა, ანუ ერთ შემთხვევასაც არ ტოვებენ ეს ქვეყნები. ამის მიზეზია 2009 წლის ღორის გრიპის აცრებთან დაკავშირებული მოვლენები. ამის გამო ქვეყნები ძალიან ფრთხილობენ და ეს უნდა გაითვალისწინოს ყველამ, რომ არცერთი ქვეყანა არ გარისკავს თავისი ადამიანის სიცოცხლეს ამ ერთი ვაქცინის გამო," - განაცხადა ზაზა წერეთელმა.
შეგახსენებთ, დროებითი შეჩერების შემდეგ იტალია მოქალაქეების აცრას AstraZeneca-ს ვაქცინით დღეიდან განაახლებს. ქვეყანამ ამ პრეპარატით აცრები ორშაბათს შეწყვიტა. ვაქცინაციის განახლების გადაწყვეტილება იტალიაში მას შემდეგ მიიღეს, რაც ევროპის წამლის სააგენტომ ვაქცინა უსაფრთხოდ და ეფექტიანად გამოაცხადა.
AstraZeneca-ს პრეპარატით ვაქცინაციის განახლებას გეგმავენ კვიპროსი, ესპანეთი, პორტუგალია, ნიდერლანდები, გერმანია, იტალია, საფრანგეთი, ლატვია და ლიეტუვა. აცრების განახლებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მოგვიანებით მიიღებენ ირლანდია და შვედეთი.