დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში დამატებითი სარჩელი შეიტანეს. როგორც მათმა ადვოკატმა კახა კოჟორიძემ განმარტა, სასამართლო სპეციალურად აჭიანურებს მათი საქმის განხილვას, დღევანდელი საჩივარი კი "რუსთავი 2-ის" ქონების გასხვისებას ეხებოდა.
კოჟორიძის მტკიცებით, ტელეკომპანიის ქონების გასხვისების აკრძალვაზე სასამართლომ უარი უკანონოდ თქვა.
"მას შემდეგ, რაც ვრცელდება ინფორმაცია "რუსთავი2-ის" შესაძლო გასხვისების თუ ახალი ჰოლდინგური კომპანიის შექმნის შესახებ, ჩვენ მივმართეთ საქალაქო სასამართლოს და მოვითხოვეთ ქონების გასხვისების აკრძალვა და გარკვეული უფლებამოსილებების აკრძალვა დირექტორისთვის," - განაცხადა კახა კოჟორიძემ.
მედიასთან კომენტარი გააკეთა ჯარჯი აქიმიძემაც. ის ტელევიზიის ქონებისთვის ყადაღის დადებას ითხოვს.
"როდესაც ერთი წლის განმავლობაში სასამართლო არ ჩაინიშნება, გასაგებია, რომ პანდემიაა, მაგრამ გაიხსნა ქვეყანა, სასამართლო პროცესები ჩანიშნულია და მიმდინარეობს და რატომ გახდა ჩვენი პროცესი ასეთი გაჭიანურების ღირსი, ბუნებრივად იწვევს ეჭვს, რომ განზრახ ხდება,"- განაცხადა ჯარჯი აქიმიძემ.