05 სექტემბერი 2026,   08:23
ვრცლად
შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ძალადობის ეპიზოდზე განხილვები თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე განაჩენი არსებობს, თუმცა ძალადობის ეპიზოდზე განხილვები გრძელდება.

საქმეში 8 პირი ფიგურირებს. მათ ძალადობას, ჯგუფურ ძალადობას, მის ორგანიზებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან. ამ ეპიზოდის განხილვა დასკვნით ეტაპზეა. პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს.

სასამართლო გადაწყვეტილებას სავარაუდოდ 23 მარტს გამოაცხადებს, დღეს კი, მოსამართლე სათათბიროდ გავა. მანამდე კი, ადვოკატები კიდევ ერთხელ შეეცდებიან დაარწმუნონ მოსამართლე, რომ ბრალდებულები უდანაშაულოები არიან. გამორიცხული არ არის, რომ ბრალდებულებმა რეპლიკით ისარგებლონ. 

"ვაპირებთ დასკვნით სიტყვაში უკვე გამოკვლეულ მტკიცებულებებზე და შევეხებით პროკურატურის მიერ წინა პროცესზე გაჟღერებულ დასკვნით სიტყვას. თენგო ბარბაქაძის დანაშაულში მონაწილეობასთან დაკავშირებით არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. აქედან გამომდინარე, ვიმედოვნებთ, რომ ჩვენს დასკვნით სიტყვას, სასამართლო გაითვალისწინებს," - აცხადებს თენგო ბარბაქაძის ადვოკატი გიორგი ფოფხაძე.

პროკურორის განცხადებით, დღეს დაცვის მხარე სავარაუდოდ გამამართლებელ განაჩენს მოითხოვს.

"დღეს დაცვის მხარე თავის დასკვნით სიტყვას იტყვის. ფაქტობრივად, ბრალდებულების აქამდე გაცხადებული პოზიციიდან გამომდინარე ისინი არ აღიარებდნენ ჩადენილ დანაშაულს. დღეს კი, სავარაუდო დაცვის მხარე გამამართლებელ განაჩენს მოითხოვს,"- აღნიშნავს პროკურორი ვახტანგ ცალუღელაშვილი.

ამ ეპიზოდზე ჯამში 8 პირი იყო დაკავებული, მათგან სამს აღკვეთის ღონისძიება შეეცვალა და ისინი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. მათი საქმე ახლა ცალკე წარმოებად მიმდინარეობს. 

დღის ამბები