ახალგაზრდა გარდაცვლილი ექთნის მეგი ბაქრაძის ოჯახის წევრების ბრალდებებს ახალციხის იმ კლინიკაში პასუხობენ, სადაც ექთანს ვაქცინაცია ჩაუტარდა.
რამ გამოიწვია ანაფილაქსიური შოკი და რატომ ვერ შეძლებს მისი დახმარება ექიმებმა - კლინიკა "იმედის" რეანიმატოლოგი განმარტავს, რომ პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა პროცედურა შესრულდა. ტრაგედიის გამომწვევ ზუსტ მიზეზებს კი ექსპერტიზა დაადგენს.
"იმ მომენტში ნამდვილად არ ვიყავი ადგილზე. გასული ვიყავი კლინიკიდან. პროტოკოლი არც ითვალისწინებს, რომ რეანიმატოლოგი ესწრებოდეს აცრებს. ვაპირებდი შეხვედრაზე მისვლას გუბერნიაში, თუმცა არის ისეთი ინფორმაცია გავრცელებული, რომ თითქოს უკვე შესული ვიყავი, ვესწრებოდი შეხვედრას. მე მანქანა არც გამიჩერებია, მისულიც არ ვიყავი, ისე მოვატრიალე მანქანა, როგორც კი ზარი შემოვიდა, წამოვედი ეგრევე. ჩემს აქ მოსვლას დაახლოებით დასჭირდა 2 წუთი. მოსვლის შემდეგ იყო კრიტიკული მდგომარეობა," - განაცხადა ახალციხის კლინიკა "იმედის" რეანიმატოლოგმა გიორგი აფციაურმა.
შეგახსენებთ, რომ მეგი ბაქრაძემ "ასტრაზენეკას" ვაქცინა ახალციხეში, კლინიკა "იმედში" გაიკეთა, რის შემდეგაც ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.