თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე საკუთარი მოადგილის, დავით სუჯაშვილის Facebook პოსტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ საზოგადოების მხრიდან გამოხმაურებების შემდეგ სუჯაშვილი მძიმე მდგომარეობაშია და სურს, რომ ეს თემა აღარ განავრცონ.
თავდაცვის მინისტრის თქმით, მისმა მოადგილემ ბოდიში მოიხადა და განმარტა, რომ პოსტი შეცდომით დაიდო მის სოციალურ ქსელში.
აქვე, ბურჭულაძის შეფასებით, სუჯაშვილის წვლილი რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ საკმაოდ დიდია.
"არ მგონია, რომ ეს ვინმესთვის სასიამოვნო ინფორმაცია ყოფილიყო. ბატონმა დავითმა თავად გააკეთა ამაზე კომენტარი. ჩემი აზრით, ზედმეტია იმაზე საუბარი, რომ ჩვენს უწყებაში, ჩემი ხელმძღვანელობის პერიოდში, ბატონი პრემიერის მიერ დაწყებული ინიციატივები, ჩვენ ზოგიერთი დავასრულეთ, მაღალი ტემპით მიდის და ჩვენ პირველი ხელმძღვანელობა ვართ უწყებაში, ვინც პრაქტიკულად სრულიად უარი თქვა საბჭოთა მემკვიდრეობაზე. ჩვენ ეტაპობრივად, მაგრამ გეგმაც გვაქვს და რეალური ნაბიჯებიც გადაიდგა, რომ მოვიშოროთ... ყველა გეგმა შეთანხმებულია და პარტნიორებთან ერთად.
ვისთვისაც ეს იყო სიხარულის ნაპერწკალი, ადამიანმა განმარტა, ბოდიში მოიხადა და სხვათა შორის, ბატონი დავითის წვლილი ჩვენს შედეგებში, მათ შორის, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ არის უზარმაზარი.
კი ბატონო, მისი გამოცდილების გათვალისწინებით, ეს შეცდომა არ უნდა მოსვლოდა" - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა "დღის კურიერში" სტუმრობისას.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში თავდაცვის მინისტრის მოადგილის დავით სუჯაშვილის პოსტი გავრცელდა, სადაც მან მესაზღვრეებს პროფესიული დღე, გავრცელებული ინფორმაციით, რუსი მესაზღვრის ფოტოთი მიულოცა.