ვაშლიჯვრის მოსახლეობა, რომელიც ნუცუბიძე-ვაშლიჯვრის ფერდობზე შექმნილი მეწყრული საფრთხეების გამო საცხოვრებლიდან დროებით გადაყვანას ითხოვს, დღეს მერის მოადგილეს არ შეხვდა.
ადგილობრივებს გასაუბრება კახა კალაძესთან სურდათ, თუმცა ადგილზე ირაკლი ბენდელიანის გამოჩენის შემდეგ მათ შეხვედრაზე უარი განაცხადეს.
"ვითხოვთ ალტერნატიულ საცხოვრებელს სადმე, თუნდაც დროებით, სანამ საბოლოო დასკვნა დაიდება - გვემუქრება საშიშროება თუ არა. საშიშ ზონაში ვცხოვრობთ, თავზე მართლა ბომბი გვადგას, რომელზეც ვერავინ გარანტიას ვერ მოგცემს, როდის აფეთქდება, როდის წაგვლეკავს და ჩაგვრეცხავს. უბრალოდ კითხვა მაქვს, თავად მერი საკუთარ რომელიმე ოჯახის წევრს აქ აცხოვრებს?! თვითონ იცხოვრებდა?!" - განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.
ირაკლი ბენდელიანის განმარტებით, თუ მოსახლეობის გაყვანა აუცილებელი იქნება, ევაკუაციის გეგმა არსებობს.
"ყველა შესაბამისი სამსახური, არამარტო ამ კორპუსის მოსახლეობასთან, არამედ ნებისმიერი, ვისაც კი რაიმე სახის კითხვა ექნება, მზად ვართ 24-საათიან რეჟიმში ყველანაირ კითხვებზე პასუხის გასაცემად, სათანამშრომლოდ და აქ მე პრობლემას ვერაფერს ვერ ვხედავ.
დღევანდელი მდგომარეობით ვამბობთ, რომ აქ ცხოვრება არის უსაფრთხო. ნებისმიერი წუთას, თუ აქ სცენარი გაუარესდება, მეწყერი თუ მიიღებს ბევრად უფრო მასშტაბურ და საშიშ სახეს, აუცილებლად პირველი ღონისძიება იქნება უსაფრთხოების ნორმები მოსახლეობის ჯანმრთელობიდან გამომდინარე," - აღნიშნა ბენდელიანმა.