ვოლოდიმირ ზელენსკიმ აბუ-დაბიში მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებების პირველი დღის შედეგები შეაჯამა და აღნიშნა, რომ უკრაინული დელეგაციისგან დეტალური მოხსენება მიიღო.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, დღის განმავლობაში პირველი შეხვედრა ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან გაიმართა, რასაც უკრაინის, აშშ-ისა და რუსეთის დელეგაციებს შორის სამმხრივი ფორმატი მოჰყვა.
ზელენსკის თქმით, "სამმხრივი ფორმატი კონსტრუქციული და საკმაოდ შინაარსიანი აღმოჩნდა. მათ ჰქონდათ დრო, განეხილათ ჰუმანიტარული ნაბიჯების აუცილებლობა და შესაძლო პარამეტრები. პრიორიტეტი ტყვეთა გაცვლაა. დეტალურად ისაუბრეს უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების შინაარსსა და მათი გრძელვადიანი ფუნქციონირების საფუძველზე უზრუნველყოფის საკითხებზე. ომის ნებისმიერი განმეორების აღსაკვეთად რეალური ინსტრუმენტებია საჭირო. ასევე შეეხნენ დეესკალაციისკენ მიმართული ნაბიჯების აუცილებლობასაც“.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დელეგაციას მომდევნო დღეებისა და ხვალინდელი სამმხრივი დიალოგისთვის, ასევე ფართო ფორმატისთვის მკაფიო ინსტრუქციები მისცა. მისი თქმით, მთავარია, რომ მშვიდობა რეალურად უფრო ახლოს მოიტანონ, ხოლო უკრაინის მხრიდან იქნება მხოლოდ პროდუქტიული, ხარისხიანი და პატიოსანი მუშაობა. ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ამერიკულ მხარეს მოლაპარაკებების ორგანიზებისთვის, ხოლო არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს - საიმედო პლატფორმის უზრუნველყოფისთვის.