10 ნოემბერი 2026,   22:01
ვრცლად
საფრანგეთში განათლების სისტემის რეფორმის წინააღმდეგ პროტესტი ძალადობაში გადაიზარდა - ლიცეუმთან მომხდარი დაპირისპირებისას მერის მოადგილე დაშავდა, სამი არასრულწლოვანი კი დააკავეს

სენ-ე-მარნის დეპარტამენტი, ქალაქი შელი, გასტონ-ბაშლარის სახელობის ლიცეუმის მიმდებარე ტერიტორია - ახალგაზრდების ჯგუფი სასწავლებლის შესასვლელის ბლოკირებას და ურნებისთვის ცეცხლის წაკიდებას ცდილობდა. ილ-დე-ფრანსის რეგიონული საბჭოს წევრი და შელის მერის მოადგილე, ადგილზე მივიდა და პროტესტის მონაწილეებს დიალოგისკენ მოუწოდა. საპასუხოდ, მას მკერდის არეში ბენზინით სავსე ბოთლი ესროლეს, ანჟელა პასკოა დოს სანტოსს გულის შეტევა განუვითარდა, რის შემდეგაც ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ანჟელა პასკოა დოს სანტოსმა სამართალდამცველებს ოფიციალური საჩივრით უკვე მიმართა. პროკურატურამ მომხდარზე გამოძიება „საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლის განზრახ მკვლელობის მცდელობის“ მუხლით დაიწყო. ცხელ კვალზე დაკავებულია ამავე ლიცეუმის სამი მოსწავლე, რომელთა ასაკი 15-დან 17 წლამდეა. წაყენებულ ბრალდებას არ ეთანხმებიან ლიცეუმის სხვა სტუდენტები - მომხდარს უბედურ შემთხვევას უკავშირებენ და მედიასთან საუბარზე უარს ამბობენ.

ძალადობრივ ქმედებებზე საპასუხოდ, ელისეის სასახლე და მატინიონის რეზიდენცია სახელმწიფოს უმკაცრეს რეაგირებას აანონსებს. საკითხზე პირველი განცხადება ქვეყნის განათლების მინისტრმა გააკეთა. ედუარ ჟეფრეიმ მომხდარს „დანაშაული“ უწოდა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროტესტის განმავლობაში მისმა უწყებამ ძალადობის შემთხვევებზე პროკურატურაში უკვე 1 000-ზე მეტი საჩივარი შეიტანა.

დემონსტრაციების აკრძალვის, კომენდანტის საათის, შეზღუდვებისა და დაკავებების მიუხედავად, საფრანგეთში განათლების სისტემის რეფორმის მოთხოვნით დაწყებული პროტესტი არ წყდება.

აქციების დაშლის მეთოდების, ათასობით არასრულწლოვანის დაკავებისა და მომიტინგეების დაშავების გამო, შეშფოთება გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისმა გამოთქვა.

ჩაიშალა მოლაპარაკებები მთავრობასა და დემონსტრანტებს შორის. მთავრობის რეზიდენციაში შეხვედრა დაპირისპირებით დასრულდა. სხდომა დატოვეს მოსწავლეებისა და სტუდენტების პროფკავშირების წარმომადგენლებმა და ხელისუფლება სამოქმედო გეგმის არქონაში დაადანაშაულეს.

 

ავტორი: ლუკა ჩლაიძე

დღის ამბები