10 ნოემბერი 2026,   20:30
ვრცლად
მცხეთაში, ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, ასევე, ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ მცხეთის მუნიციპალიტეტში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, ასევე, ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 5 ნოემბერს, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წიწამურში, ბრალდებულმა წინასწარ დაამონტაჟა მის მიერ უკანონოდ შეძენილი „RGD-5“-ის მოდელის ხელის მსხვრევადი ყუმბარა და მითითებულ ადგილას ორი მოქალაქე შეცდომაში შეყვანის გზით მიიყვანა. დაზარალებულების ადგილზე მისვლის შემდეგ ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა, რის შედეგადაც, ერთი პირი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მეორეს გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად სიცოცხლე შეუნარჩუნდა.

"საქმეზე ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ბრალდებული 2026 წლის 9 ნოემბერს, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის „ბ” და „ლ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა ორი პირის მიმართ, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას) და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა და ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს," - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დღის ამბები