22 დეკემბერი 2024,   10:26
ვრცლად
ვლადიმერ პოზნერმა საქართველო დატოვა - მას და მის სტუმრებს სასტუმრო "რუმსჰოტელიდან" გამოსვლა შეძახილებისა და კვერცხების სროლის ფონზე მოუწიათ

ვლადიმერ პოზნერმა, რომლის ჩამოსვლამაც საქართველოში ხმაური და უკმაყოფილება გამოიწვია, თბილისი რამდენიმე წუთის წინ დატოვა. რუსმა ჟურნალისტმა და კრემლის პროპაგანდისტმა ქვეყანაში დარჩენა პროტესტის გამო 24 საათიც ვერ შეძლო და თბილისიდან, სადაც დაბადების დღის მასშტაბურად აღნიშვნას აპირებდა - გამთენიისას, ჩარტერული რეისით გაფრინდა.

პოზნერის წასვლას აეროპორტში თვალს ადევნებდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები. ისინი მოსკოვიდან თბილისში გუშინ ჩამოსული სტუმრების გამო უკმაყოფილებას გამოთქვამენ.

ხმაურიანი პროტესტის გამო რუსი ჟურნალისტისა და რამდენიმე ათეული პირის გამოყვანა სასტუმრო "რუმს ჰოტელიდან" სამართალდამცველების კორდონის დახმარებით მოხდა. შეკრებილებმა ავტობუსს კვერცხები დაუშინეს.

სტუმრების ტრანსპორტირება აეროპორტში მათივე უსაფრთხოებისთვის პოლიციის თანხლებით განხორციელდა.

ვლადიმერ პოზნერის, რუსული შოუბიზნესისა და მედიის წარმომადგენლების გამოსვლამდე პოლიციამ პერიმეტრი გადაკეტა, ტერიტორიიდან იძულებით გაიყვანეს ელენე ხოშტარიაც.

შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ პოზნერი საქართველოში გუშინ, 31 მარტს ჩამოვიდა. ვლადიმერ პუტინის მხარდამჭერი, 50-მდე პირთან ერთად
დაბადების დღის აღსანიშნად ჩამოფრინდა. მის ვიზიტს საქართველოში სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი მოჰყვა, რომლებსაც მოგვიანებით, პოლიტიკოსებიც შეუერთდნენ. პოზნერს სასტუმრო "ვინოტელის" დატოვება, სადაც ის სტუმრებთან ერთად ვახშმობდა, პროტესტის ფონზე, პოლიციის კორდონის საშუალებით, მოუწია. მოთხოვნა ერთი იყო - ოკუპანტი რეჟიმის მომხრეებს საქართველო დაეტოვებინათ.

სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიის წევრებმა შეძლეს და რუსი ჟურნალისტის "ვინოტელში" ყოფნის დროს სასტუმროს დროებით ელექტოენერგიაც შეუწყვიტეს. სასტუმრო "ვინოტელი" კი შრომის ინსპექციის სამსახურმა აკრძალული საქმიანობის განხორციელებისთვის, 10 000 ლარით დააჯარიმა.

დღის ამბები