"საქართველოს კანდიდატურა ნამდვილად წარდგენილი იქნა წლის დასაწყისში. ჩვენ განაცხადი გავაკეთეთ შვეიცარიის თავმჯდომარეობის პირობებში, მას შემდეგ, რაც გასული წლის მინისტერიალის ფარგლებში, ვერ იქნა კონსენსუსი მიღწეული კვიპროსის კანდიდატურასთან დაკავშირებით. ჩვენ შარშან ბევრი ვიმსჯელეთ ამაზე, თუმცა ერთი კონკრეტული ქვეყნის, და ეს საიდუმლო არ არის, თურქეთის პოზიციის გამო, ვერ შედგა კონსენსუსი და შემდგომ უკვე წლის დასაწყისში საქართველომ განაცხადა სურვილი, რომ საქართველოს კანდიდატურა განხილულიყო ეუთო-ს თავმჯდომარეობაზე", - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში "დღის თემა" განაცხადა.
მინისტრმა განმარტა, რომ საქართველოს კანდიდატურის წარდგენას ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებს შორის არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა და აღნიშნა, რომ კონსენსუსის მიღწევა საკმაოდ კომპლექსური პროცესია.
"ცოტა ხნის წინ გამოჩნდა ქვეყნების ჯგუფი, რომლებმაც განაცხადეს, რომ არ ეთანხმებოდნენ იმ გადაწყვეტილებას, სადაც მოცემულია საქართველოს თავმჯდომარეობა. თუმცა აქვე უნდა ვთქვა, რომ ამ 14 ქვეყნიდან რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენელმა შემდგომ უკვე განაცხადა, რომ მათ არ აქვთ სურვილი გააგრძელონ, ასე ვთქვათ წინააღმდეგობის პოლიტიკა. მაგრამ ამ შემთხვევაში კონსენსუსი გულისხმობს ყველას დათანხმებას. რა თქმა უნდა, ეს არ არის მარტივი პროცესი. საქართველოსთან მიმართებაში ალბათ ყველაზე მეტად, ვისი პოზიციაც შეიძლებოდა ყოფილიყო უარყოფითი, ჩვენ უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაციაზე ვსაუბრობთ, მოლოდინი იყო, რა თქმა უნდა, რომ ეს პოზიცია ექნებოდა რუსეთს და რუსეთი იქნებოდა წინააღმდეგი საქართველოს ეუთო-ს თავმჯდომარეობის. თუმცა, ასე არ მოხდა, რუსეთს არ დაუფიქსირებია წინააღმდეგობრივი პოზიცია. წინააღმდეგობრივ პოზიცია არ დაუფიქსირებია ამერიკის შეერთებულ შტატებს; ბევრ ქვეყანას, მათ შორის არც მეზობელ ქვეყნებს, არც უკრაინას, არც კანადას, ცენტრალური აზიის ქვეყნებს. მეზობელი ქვეყნების მხრიდან მხარდამჭერი განცხადებებიც გაჟღერდა. ეს არის პროცესი. ჩვენ გვექნება მსჯელობა ლუგანოში მინისტერიალის ფარგლებში", - აღნიშნა მინისტრმა.
მაკა ბოჭორიშვილმა ისაუბრა ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყნის შერჩევის პროცესზეც.
"ამჟამინდელი თავმჯდომარეობის საქმეა დიდწილად იმუშაოს იმისთვის, რომ მომავალ თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით იყოს გადაწყვეტილება მიღებული და შეკრას ერთგვარად კონსენსუსი რომელიმე კანდიდატთან დაკავშირებით. თქვენ გახსოვთ, საქართველოში ვიზიტი განახორციელა შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ეუთო-ს ამჟამინდელი თავმჯდომარის რანგში. ჩვენ ამ თემებზე გვქონდა საუბარი, მათ საკმაოდ დიდი მუშაობა გასწიეს კონკრეტულ ქვეყნებთან საქართველოს კანდიდატურასთან დაკავშირებით, მათ შორის რუსეთის ფედერაციასთან. ესეც უნდა ვთქვათ, ჩვენ პირდაპირი დიალოგი არ გვქონია რუსეთის ფედერაციასთან ამ საკითხთან დაკავშირებით და გარკვეული კომუნიკაცია სწორედ შვეიცარიის მხრიდან შედგა რუსულ მხარესთან. გარკვეულ ქვეყნებთან იყო შვეიცარიის მუშაობა განხორციელებული და ახლაც გრძელდება. რა თქმა უნდა, ამჟამინდელი თავმჯდომარე ყველანაირ გზას ეძებს, რომ მომავალი წლის თავმჯდომარე იყოს შერჩეული. ეს არ არის მარტივი პროცესი. მათ არ აქვთ კონსენსუსი არცერთ იდეაზე, რაც გაჟღერდა ეუთო-ს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით და რეალობა არის ასეთი: დღეს განსახილველად ასე ვთქვათ, მინისტერიალამდე კანდიდატურებს თუ შევხედავთ, არის კვლავ კვიპროსის კანდიდატურა და არის საქართველოს კანდიდატურა, ვისაც ოფიციალურად აქვს განაცხადი თავმჯდომარეობაზე. მზადყოფნა შეიძლება ბევრი ქვეყნის მხრიდან იყოს. ყველა ქვეყანა შეიძლება მზად იყოს მომავალ წელს თავჯდომარეობისთვის, თუმცა ასეთი სურვილი არავის გაუჟღერებია და განაცხადი ამ დრომდე არავის გაუკეთებია", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.