19 ნოემბერი 2024,   18:43
ვრცლად
გამკაცრებული ზომები რეგიონებში - შიდა ქართლის შემდეგ პოლიციის სპეციალური საკონტროლო პუნქტები გურიაშიც გამოჩნდა

მესამე ტალღის თავიდან ასაცილებლად რეგიონებში, სადაც ეპიდვითარება გაუარესდა, შეზღუდვების გამკაცრება გრძელდება. კასპის მუნიციპალიტეტის მსგავსად, დღეს საკონტროლო პუნქტი უკვე გურიაშიც გაიხსნა. ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების რამდენიმე სოფელში თერმოსკრინინგთან ერთად გრძელდება მასობრივი ტესტირებაც, რომლის შედეგადაც დღეს გურიაში COVID-19-ის კიდევ 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებულთა შორის ორი მცირეწლოვანი ბავშვია. ისინი ბათუმის საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

სკოლებსა და ბაღებში გურიის მსგავსად უკვე მეორე დღეა შეწყვეტილია სასწავლო პროცესი კასპის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში. იქ დღეს კორონავირუსის კიდევ 11 შემთხვევა დადასტურდა. დასახლებებში თერმოსკრინინგი და მოსახლეობის აქტიური ტესტირება გრძელდება.

ცხელ წერტილად რჩება ფოთიც, სადაც კორონავირუსის გავრცელების გამო სამკერვალო ფაბრიკა "აჭარა ტექსტილი" დროებით დაიხურა. COVID-19 საწარმოში 70-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. 

საქართველოში ბოლო 24 საათში COVID-19-ის 580 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ წერტილოვანი შეზღუდვები აუცილებელი გახდება. 

საქართველოში კი ახალი ჩინური SINOPHARM-ის ვაქცინის 100 000 დოზა ჩამოვიდა. ამპულები უკვე დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრშია გადატანილი. მიუხედავად იმისა, რომ SINOPHARM-ს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან ჯერ ავტორიზება არ მიუღია, სხვადასხვა ქვეყანაში მას სანდოდ მიიჩნევენ და აცრებიც აქტიურად მიმდინარეობს. 

დღის ამბები