01 სექტემბერი 2026,   20:33
ვრცლად
ჩინურ ვაქცინას გვერდითი ეფექტი არ აქვს? - რამდენად ეფექტურია საქართველოში შემოტანილი SINOPHARM-ი

3 აპრილს საქართველომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის კიდევ ერთი სახეობა, ჩინური წარმოების SINOPHARM-ის 100 000 დოზა მიიღო. SINOPHARM-ს არ აქვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია, თუმცა არსებობს მოლოდინი, რომ ვაქცინა მას აპრილის ბოლოს მიიღებს.

ვაქცინის შემოსვლამდე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე აცხადებდა, რომ დაელოდებოდნენ ჯანმოს ავტორიზაციას და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყებდნენ ჩინური ვაქცინით იმუნიზაციას; თუმცა, 5 აპრილს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ თქვა, რომ საკითხზე ვაქცინაციის საბჭოც იმსჯელებს, რომელიც მიმდინარე კვირას უნდა შეიკრიბოს.

რა კითხვები არსებობს SINOPHARM-ის ჩინურ ვაქცინასთან? 

ინფორმაციის ნაკლებობა

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი აცხადებს, რომ მთავარი პრობლემა SINOPHARM-ის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობაა. მისი სიტყვებით, არ არსებობს არცერთი ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც ამ ვაქცინის ეფექტიანობას დაადასტურებს.

"ერთ-ერთი პრობლემა ამ ვაქცინასთან არის ის, რომ ინფორმაცია ამ ვაქცინის ირგვლივ ძალიან მწირია, თითქმის არ არსებობს. ერთადერთი, იყო კვლევის შედეგები, რომელიც გამოაქვეყნა ჩინეთმა და გაერთიანებულმა საემიროებმა, სადაც ქვეყნებმა განსხვავებული მაჩვენებელი დააფიქსირეს. ეს იმით ახსნეს, რომ ჩვენ სხვადასხვა მეთოდი გამოვიყენოთო, მაგრამ რა არის რეალობაში, ნამდვილად არავინ არ იცის,"-აცხადებს ზაზა წერეთელი.

გვერდითი მოვლენების შესახებ მონაცემების არარსებობა

ზაზა წერეთლის განცხადებით, ეჭვს ბადებს ის მომენტიც, რომ გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ გავრცელებულა: 

"AstraZeneca-მ და Pfizer​-მა თავისი კლინიკური კვლევების დროს დააფიქსირა რა გვერდითი მოვლენები იყო. ვხედავთ, მაგალითად, AstraZeneca-ს შემთხვევაში, როცა თრომბის შემთხვევებზე იყო ეჭვი და ზოგიერთმა ქვეყანამ შეაჩერა მისი გამოყენება, ჩინურ ვაქცინასთან არცერთი ასეთი შემთხვევა დაფიქსირებული არ არის. ცოტა ძნელი სათქმელია, თუ სხვა ვაქცინებს აქვს გვერდითი ეფექტები, როგორ მოხდა ისე, რომ ამ ვაქცინას არანაირი გვერდითი ეფექტი არ აქვს?! ოფიციალურად, არსად ასეთი შემთხვევა არ ფიქსირდება," - აცხადებს წერეთელი.

სამჯერადი აცრის შესაძლო აუცილებლობა

ზაზა წერეთლის შეფასებით, ვაქცინასთან დაკავშირებით ეჭვებს ბადებს ის მომენტიც, რომ არსებობს ინფორმაცია, გამოყენების შემდეგ აუცილებელი გახდეს ვაქცინის მესამე დოზის გამოყენებაც, რადგან ორმა დოზამ იმუნიტეტის გამოყოფა ვერ უზრუნველყოს. 

"აპირებენ, რომ მესამე ეტაპის კლინიკურ კვლევებში გამოიკვლიონ, არის თუ არა მესამე დოზა საჭირო. ესეც გარკვეულ კითხვას ბადებს - სამი დოზა თუ არის საჭირო, რამდენად ეფექტიანია ეს ვაქცინა? ცოტა ძნელი სათქმელია ამ მომენტისათვის. შესაბამისად, პრობლემა ისაა, რომ ჩვენ შეიძლება ავიცრათ, მაგრამ არ ვართ დარწმუნებული, გვექნება თუ არა იმუნიტეტი. ეს ქმნის იმის საშიშროებას, რომ შეიქმნას ცრუ დაცულობის შეგრძნება, მოვიქცეთ თავისუფლად და შესაბამისად, შეიქმნას ვირუსის გავრცელების უფრო მეტი საფრთხე,"-აცხადებს წერეთელი.  

ჯანმოს ავტორიზაციის მიღების შემთხვევაში, შეიძლება თუ არა ჩაითვალოს SINOPHARM-ის ვაქცინა უსაფრთხოდ და ეფექტურად?

ზაზა წერეთლის შეფასებით, საკითხი ასე ერთმნიშვნელოვნად არ დგას. ის აქცენტს ჯანმოსა და ჩინეთის მეგობრულ ურთიერთობაზე აკეთებს და აცხადებს, რომ შეიძლება, გადაწყვეტილებაზე სწორედ ამ სტრატეგიულმა ურთიერთობებმა იქონიოს გავლენა. 

"ჯანმო აპირებს ავტორიზაციის მიცემას, მისთვის გადაცემული აქვთ საბუთები, მაგრამ მე ვერ გეტყვით, გარდა იმისა, ვინც ჯანმოშია, იმ კომიტეტში, ვინმეს თუ აქვს ნანახი ეს საბუთები, ამიტომ უნდა დაველოდოთ მათ გადაწყვეტილებას.

ჯანმოს უნდა მიეცა ავტორიზაცია მარტის შუა რიცხვებში, მერე გადაიწია და თქვეს, რომ აპრილის ბოლოსკენ მივცემთო. ზოგადად, ჩინეთსა და ჯანმოს შორის მეგობრული ურთიერთობებია, შეიძლება მისცეს ჯანმომ ავტორიზაცია, რადგან ერთ-ერთი დონორია ჩინეთი. სწორედ ამ მეგობრული ურთიერთობების გამო იყო, რომ ბევრი ქვეყანა უკმაყოფილო იყო იმით, როცა ჯანმომ გვიან გამოაცხადა პანდემია. როცა ჯანმომ გამოაქვეყნა რეპორტი იმასთან დაკავშირებით, ჩინეთში შეესწავლათ, როგორ დაიწყო ეს პანდემია, ძალიან ბევრი ქვეყანა ამასაც  აკრიტიკებდა, რადგან ფიქრობენ, რომ ამ რეპორტის წარმოებაშიც ჩინეთმა მიიღო მონაწეილეობა და გარკვეული ზეგავლენა ჰქონდა.

შეიძლება, იმის გამოცაა, რომ ჯანმომ შექმნა კოვაქსი და თქვა, რომ ამის საშუალებით დაეხმარებოდა ქვეყნებს, რადგან ვერ ახერხებს ამ ქვეყნების დახმარებას, მისცეს უფლება ჩინეთს, რომ მისი ვაქცინაც გამოიყენოს, არ იქნება გასაკვირი. მაგრამ თუ მისცემს ჯანმო ამის უფლებას, კარგი იქნებოდა, ჯანმო დოკუმენტებსაც თუ აჩვენებდა ყველა ქვეყანას, სადაც იქნება ნაჩვენები, რამდენად ეფექტურია ეს ვაქცინა,"-აცხადებს წერეთელი.

რა ტექნოლოგითაა დამზადებული SINOPHARM-ი?

ზაზა წერეთლის ინფორმაციით, AstraZeneca-სა​ და Pfizer​-ისგან განსხვავებით, რომლებიც თანამედროვე მეთოდებითაა დამზადებული და DNA-სა და RNA-ს ემყარება, SINOPHARM-ი ტრადიციული მეთოდით მზადდება. 

"ამ შემთხვევაში, ინაქტივირებული კოვიდვირუსი გამოიყენება და ის შეჰყავთ ადამიანის ორგანიზმში. ეს ნიშნავს, რომ თვითონ ვირუსი ვერ მრავლდება, მაგრამ ის გენოტიპი აქვს, რაც საჭიროა და ის გენები, რომელიც წარმოქმნიან იმ ცილას, რომლითაც იჭრება ადამიანის ორგანიზმში ეს ვირუსი; მერე სხეული ამ ცილის საწინააღმდეგო ანტისხეულების წარმოებას იწყებს და ასე წარმოიშობა იმუნიტეტი. იმავე მეთოდითაა დამზადებული, როგორიც იყო, თავის დროზე, პოლიომიელიტის ვაქცინა, A ჰეპატიტის და ცოფის ვაქცინა.

კი ამბობენ, ძველი მეთოდით არის დამზადებულიო, მაგრამ ვაქცინის დამზადების მეთოდოლოგიასა და ვაქცინის ეფექტურობა შორის დიდი სხვაობაა. ჯერჯერობით, არ არსებობს არცერთი ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც აჩვენებს, რეალურად, როგორ მუშაობს ეს ვაქცინა."-აცხადებს წერეთელი. 

გაიარა თუ არა SINOPHARM-ის ვაქცინამ უნგრეთის მარეგულირებლის კონტროლი?

ზაზა წერეთლის განცხადებით, უნგრეთმა SINOPHARM-ის ვაქცინა ყოველგვარი შეფასების გარეშე, მხოლოდ იმიტომ დაამტკიცა, რომ მისით 1 მილიონზე მეტი ადამიანი იყო აცრილი. 

"როცა ამბობენ, უნგრეთის მკაცრმა მარეგულირებელმა მისცა ნებართვაო, სხვანაირადაა აქ საქმე, უნგრეთი სანამ მისცემდა ჩინეთს ნებართვას, მთავრობამ მიიღო სპეციალური დადგენილება, რითაც გააადვილა ვაქცინისათვის ნებართვის მიცემა. კერძოდ, უნგრეთის მთავრობამ გადაწყვიტა, თუ ეს ვაქცინა რომელიმე ქვეყანაში მილიონზე მეტ ადამიანს აქვს გაკეთებული, მაშინ ჩვენ ამ ვაქცინას დავამტკიცებთ ყოველგვარი შეფასების გარეშეო. ასე რომ, უნგრეთმა დაამტკიცა ეს ჩინური ვაქცინა მისი შეფასების გარეშე,"-აცხადებს წერეთელი. 

დღის ამბები