20 აპრილი 2024,   07:47
ვრცლად
პანდემიის გავლენა დანაშაულის სტატისტიკაზე - IDFI შეზღუდვების მოხსნის შემდეგ ქვეყანაში კრიმინალური მდგომარეობის გაუარესების საშიშროებაზე საუბრობს

შეზღუდვების მოხსნის შემდეგ ქვეყანაში კრიმინალური მდგომარეობის მნიშვნელოვნად დამძიმების საშიშროებაზე საუბრობს IDFI.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტში ამბობენ, რომ პანდემიამ და სამსახურის გარეშე დარჩენამ ისედაც გაჭირვებული ხალხი კიდევ უფრო ცუდ მდგომარეობაში ჩააგდო, სწორედ ამიტომ არ გამორიცხავენ, რომ შეზღუდვების მოხსნის შემდეგ კრიმინალური ფონი გაიზარდოს. ისინი სამართალდამცველებს ამ მიმართულებით პრევენციული ღონისძიებების გატარებისკენ მოუწოდებენ.

"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის ანალიზით ირკვევა რომ, 2020 წელს დანაშაულის საერთო მაჩვენებლის შემცირება, უმეტესწილად პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში დაწესებული შემზღუდავი ღონისძიებებით არის განპირობებული და ნაკლებად კავშირშია ქვეყანაში კრიმინოგენური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან.  ამასთან, ცალკეული დანაშაულების მკვეთრი შემცირება, (მაგალითად ნარკოტიკული დანაშაული) სავარაუდოდ საარჩევნო წელს საპოლიციო კონტროლის შემსუბუქებას უკავშირდება.  ქვეყანაში არსებული კრიმინოგენური მდგომარეობის გაუარესებაზე მეტყველებს სიცოცხლის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების მზარდი ტენდენცია.  ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან მეტ ძალისხმევას მოითხოვს კომპიუტერულ დანაშაულთან წინააღმდეგ ბრძოლა, რომელიც ყოველწლიურად იმატებს, ხოლო მათი გახსნის მაჩვენებელი 10%-ს ვერ აღწევს. 

2020 წელს რეგისტრირებული დანაშაულის ყოველთვიური მონაცემების ანალიზი, ასევე პანდემიის შედეგად გაუარესებული ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, ქმნის  ნეგატიურ მოლოდინებს,  დროებითი შეზღუდვების გაუქმების შემდეგ, ქვეყანაში კრიმინოგენური მდგომარეობის  გაურესებასთან დაკავშირებით.  შესაბამისად, კრიმინოგენური მდგომარეობის მკვეთრი გაუარესების თავიდან აცილების მიზნით, მნიშვნელოვანია პოსტპანდემიურ პერიოდში შესაბამისი უწყებების განსაკუთრებული ძალისხმევა,"- ნათქვამია IDFI-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის დასკვნაში. 

დღის ამბები