რიონში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ - მამაკაცის გაუჩინარების ფაქტზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.
სამძებრო სამუშაოებში დაახლოებით 100-მდე მაშველია ჩართული, 15 კმ სიგრძის მონაკვეთზე დაახლოებით 10-მდე ნავი მუშაობს.
კომპანია "ენკამ" სრული მობილიზაცია გამოაცხადა, რათა შესაბამის სამსახურებს სამაშველო-სამძებრო სამუშაოებში დაეხმაროს.
"კომპანია "ენკამ" გამოაცხადა სრული მობილიზაცია, რომ დავეხმაროთ სამაშველო-სამძებრო სამუშაოებში და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ვიპოვოთ ეს ადამიანი და გვერდში დავუდგეთ ყველანაირად პოლიციას და სამაშველო სამსახურებს," - აცხადებს კომპანია "ენკას" სოციალური საკითხების ოფიცერი სპარტაკ გუგუსიანი.
შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა - ახალგაზრდა მამაკაცი მდინარეში გადახტა და გაუჩინარდა. თვითმხილველები ამბობენ, რომ მამაკაცი თბილისიდან იყო და ის ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს ორი დღის წინ შეუერთდა.
წყალში გადახტომამდე ცოტა ხნით ადრე მამაკაცი სხვებთან ერთად ვახშმობდა, რის შემდეგაც გარეთ გავიდა, მასთან ერთად მყოფს ტელეფონი მიაწოდა და წყალში შევიდა. მისი შეჩერება ვერ შეძლეს.