20 აპრილი 2024,   10:57
ვრცლად
ხორავას ქუჩის საქმე და ახალი დაკავებული - უკავშირდება თუ არა მენაბდის დაკავება ვინმეს მიერ მიცემულ ჩვენებას

ხორავას ქუჩაზე მოკლული 16 წლის მოსწავლის საქმეში, მკვლელობიდან 3.5 წლის შემდეგ ახალი ბრალდებული გაჩნდა. დაკავებულია გიორგი მენაბდე, დეკანოზ შიო მენაბდის შვილი, რომლის გვარი მომხდარ დანაშაულში ადრეც ფიგურირებდა. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.

დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დადგინდა, რომ დაკავებულმა გიორგი მენაბდემ, გიორგი ჯანაშიასთან და მიხეილ კალანდიასთან ერთად, ჯგუფურად, ბასრი საგნით, მოკვლის განზრახვით, არასრულწლოვან დავით სარალიძეს დაზიანებები მიაყენა. 2017 წლის დეკემბერში მომხდარი მკვლელობა ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული სისხლის სამართლის საქმეა, რომელსაც საქართველოში საზოგადოების პროტესტი და ხალხმრავალი აქციები მოჰყვა. 51-ე სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ჩხუბი ორი მოსწავლის მკვლელობით და რამდენიმე ახალგაზრდის დაკავებით დასრულდა.

ჯერჯერობით ცნობილი არაა კონკრეტულად რა გარემოებების საფუძველზე დააკავეს სამართალდამცველებმა გიორგი მენაბდე. მისი ინტერესების დამცველი არც უარყოფს და არც ადასტურებს იმას, უკავშირდება თუ არა მენაბდის დაკავება ვინმეს მიერ მიცემულ ჩვენებას.

გიორგი მენაბდის დაკავების შესახებ კომენტარს არ გააკეთა მოკლული დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ.  კურიერმა მის ადვოკატთან გასაუბრება შეძლო, ნესტან ლონდარიძე ამბობს, რომ ამ პირის მიმართ კითხვის ნიშნები დაზარალებულ მხარეს ყოველთვის გააჩნდა. მისი თქმით, მთავარი მოთხოვნა იყო რომ ყველა პირი უნდა დაკავებულიყო. ამ პროცესის გახანგრძლივება კი ნიშნავს იმას რომ იკვეთება სამოხელეო დანაშაული, რომელმაც პრობლემა გახადა მტკიცებულებების მოპოვება.

გიორგი მენაბდე ამ დროისთვის წინასწარი მოთავსების იზოლატორშია. მისთვის ბრალი ჯერჯერობით ოფიციალურად არ წარუდგენიათ.

დღის ამბები