აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტული ძალების მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება კიდევ 6-ჯერ დაირღვა. უკრაინის მიმართულებით ისვრიან ტანკსაწინააღმდეგო და საზენიტო სისტემის სამხედრო ტექნიკიდან. უკრაინის შეიარაღებული ძალების განცხადებით, გასულ ღამეს ესკალაციის მცდელობები უმსხვერპლოდ დასრულდა.
დღეს "რუსთავი 2-მა" უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი ჯარისკაცის დავით შარტავას გადმოსვენების დეტალები გაარკვია. კიევში მდებარე საქართველოს საკონსულოში განაცხადეს, რომ დღეს უკრაინაში ქართველი ჯარისკაცის პანაშვიდი შედგება, გადმოსვენება კი 21 აპრილს განხორციელდება.
რუსეთთან ომის შემთხვევაში ნატოს კონფლიქტში ჩართვის ალბათობას უკრაინაში სულ უფრო ცოტა სამხედრო ექსპერტი იზიარებს. უკრაინის უმაღლეს რადაში უკვე გამოჩნდნენ დეპუტატები, რომლებიც უკრაინის დასავლეთთან ინტეგრაციის მცდელობებს საეჭვოს უწოდებენ და აცხადებენ, რომ ქვეყნის მისწრაფებებს ევროატლანტიკური გაერთიანებებისკენ, მუდმივად თან სდევს რუსეთის მომატებული აგრესია. რა სახის დახმარებას მიიღებს ომის შემთხვევაში უკრაინა ნატოსა და ევროკავშირისგან კვლავ ბუნდოვან საკითხად რჩება.
უკრაინის მხარდამჭერმა განცხადებებმა გაიჟღერა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მეცხრე ყოველწლიურ სესიაზეც, ღონისძიება ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის ხელმძღვანელობით გაიმართა. მისი თქმით, რუსეთი აგრძელებს აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების წინააღმდეგ აგრესიულ პოლიტიკას.
რუსეთი უკრაინის აღმოსავლეთით სამხედრო ძალების მობილიზაციას განაგრძობს, ბოლო მონაცემებით, ვორონეჟსა და ანექსირებული ყირიმის ტერიტორიაზე 100 000-ზზე მეტი რუსი სამხედროა მობილიზებული. ოკუპანტი რუსეთი საზღვაო სამხედრო ძალების მობილიზებას ახდენს შავ ზღვაში. დღეს ცნობილი გახდა, რომ ოკუპანტმა ქვეყანამ უცხო ქვეყნის სამხედრო ხომალდების გადაადგილება ანექსირებული ყირიმისა და რუსეთის მიერ კონტროლირებად საპორტო ქალაქებთან დაუშვებლად გამოაცხადა.