საქართველოს თავდაცვის ძალების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით, თავდაცვის სამინისტროს მიერ დაგეგმილი კვირეულის ფარგლებში, ხაშურში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, სამშვიდობო მისიებსა და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული გმირების ხსოვნის პატივსაცემად ალ. ყაზბეგის ქუჩის მონაკვეთს და მიმდებარე ტერიტორიას "საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მებრძოლების ხეივანი" ეწოდა და სპეციალური დაფა განთავსდა.
ღონისძიებას თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი და მისი მოადგილე გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ჯონი ტატუნაშვილი დაესწრნენ. მემორიალურ დაფაზე აღნიშნულია ხაშურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 50 გმირის გვარი, რომლებიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ ბრძოლებში დაიღუპნენ.