საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განმარტებით, ჯერჯერობით, არ არსებობს ერთიანი უნიფიცირებული ცნობა, დადგენილი საერთაშორისო ორგანიზაციების - მათ შორის, ჯანმოს მიერ, თუმცა ე.წ. კოვიდპასპორტების საკითხზე ევროკავშირი უკვე მუშაობს.
ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ქვეყნების ნაწილმა უკვე შემოიღო მსგავსი დოკუმენტებით სარგებლობის ვალდებულება.
"ეს არის დოკუმენტი, სადაც აღნიშნული იქნება, ადამიანი აცრილია თუ არა და როგორ არის აცრილი - ერთჯერადად, თუ სრულად, რადგან ვაქცინების უმეტესობა გამოიყენება ორჯერადი ინექციისთვის" - ამბობს გამყრელიძე.
მისივე განმარტებით, ამ ტიპის დოკუმენტში არის ხოლმე PCR ტესტის პასუხიც და ზოგ ქვეყანაში არის მოთხოვნა, აღნიშნული იყოს აქვს თუ არა პიროვნებას გადატანილი ინფექცია.
სწორედ ეს მონაცემები იყრის თავს დოკუმენტში, რომელსაც მწვანე პასპორტსაც უწოდებენ - ამირან გამყრელიძის თქმით, თუ დოკუმენტი მწვანეა, ეს ნიშნავს, რომ მისი მფლობელი არის ვაქცინირებული, ან - PCR ტესტი უარყოფითია.
"ეს ნიშნავს, რომ მაღალი ალბათობით, არ ხართ ინფექციის გამავრცელებელი," - აღნიშნავს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი.