17 ნოემბერი 2024,   05:51
ვრცლად
ლოკდაუნი, ვაქცინები, ეპიდვითარება და ჯანდაცვის სისტემის მდგომარეობა - ეკატერინე ტიკარაძე დეპუტატებს ანგარიშს აბარებს

ჯანდაცვის მინისტრი პარლამენტშია. მინისტრის საათის ფორმატში ეკატერინე ტიკარაძე დეპუტატებს ხვდება და უწყების მუშაობის შესახებ, ანგარიშს აცნობს. მთავარი აქცენტი ეპიდვითარებასა და ვაქცინაციაზე კეთდება.

"დღეს ჩვენ ვიმყოფებით პანდემიის მესამე ტალღასთან გამკლავების პროცესში. მინდა აღვნიშნო, რომ პანდემიის მესამე ტალღა ბევრად საფრთხილო და საყურადღებოა. მოსახლეობის აქტიური იმუნიზაცია არის პანდემიის დასრულების და არსებული შეზღუდვების მოხსნის ერთ-ერთი მთავარი საშუალება. სახელმწიფო უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას ვაქცინების შეძენასთან დაკავშირებით და ჩვენ გვაქვს უკვე არაერთი შემდგარი მოლაპარაკება, რომლითაც გვაქვს გარანტიები, რომ ქვეყანას შეუფერხებლად ექნება ვაქცინის მოწოდება სხვადასხვა მწარმოებლებიდან

ამ ეტაპისთვის, ქვეყანაში უკვე მოქმედებს 130-ზე მეტი ვაქცინაციის პუნქტი. ჩვენი მიზანია რომ არ გამოცხადდეს კიდევ ერთი "ლოკდაუნი", ჩვენი მიზანია მაქსიმალურად დავიცვათ ბალანსი მოსახლეობის ჯანმრთელობასა და ქვეყნის ეკონომიკურ მდგრადობას შორის," - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელს კითხვები ოპოზიციური პარტიებიდან "გირჩმა" და მოქალაქეებმა დაუსვეს. ალეკო ელისაშვილი დაინტერესდა იმით, თუ რატომ აქვს ძალიან მაღალი ფასი მედიკამენტებს საქართველოში და მიაჩნია თუ არა ჯანდაცვის მინისტრს, რომ "ლიბერთი ბანკი" პენსიონერებს არასათანადო პირობებით და მაღალი პროცენტებით ემსახურება და მოსალოდნელია თუ არა ხელშეკრულების გაწყვეტა. ლევან იოსელიანის შეკითხვა კი შეეხებოდა იმას, თუ რამდენად რეალურია ტურისტული სექტორის აღდგენა ვაქცინაციის ასეთი დაბალი პროცენტულობის პირობებში.

რაც შეეხება უმრავლესობის წევრებს ახალციხის მაჟორიტარი ანტონ ობოლაშვილი მის ქალაქში ვაქცინაციის პროცესის დროს დაფიქსირებული ტრაგიკული შემთხვევის,  ექთან მეგი ბაქრაძის გარდაცვალების გამოძიების მიმდინარეობით და ოჯახისთვის კომპენსაციის გადახდის საკითხით დაინტერესდა.  უმრავლესობის სხვა წევრების კითხვები სოციალური დახმარებების და შშმ პირების სოციალური პაკეტებსაც შეეხო.

"ქართული ოცნების" წევრი ნინო ლაცაბიძე  კოჯრის ბავშვთა სახლში არსებული ვითარებას შეეხო, სადაც სავარაუდო ძალადობის ფაქტზე სიუჟეტი "რუსთავი2-ს" ჰქონდა მომზადებული. დეპუტატი დაინტერესდა სამინისტროს მხრიდან რა კონკრეტული ნაბიჯები იქნა გადადგმული ამ საკითხთან დაკავშირებით.

გიორგი გახარიას გუნდის წევრი ბექა ლილუაშვილის ინტერესის საგანს წარმოადგენდა ის, თუ რამდენად რეალურია მილიონი დოზა "ფაიზერის" შემოსვლის მოლოდინი და როდის არის შესაძლებელი ამ პროცესის დაწყება. ამასთან ლილუაშვილმა შეკითხვა დასვა ვაქცინაციის პროცესში კერძო სექტორის ჩართვის შესაძლებლობის შესახებ.

დეპუტატი დავით კაჭარავა კომენდანტი საათის ეფექტურობით დაინტერესდა და მინისტრს მისი მოხსნის შესაძლებლობის შესახებ დაუსვა კითხვა. დავით კაჭარავას თქმით, კომენდანტი საათის დაწყების წინა პერიოდში იმდენად იტვირთება საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომ ეს დაავადების გავრცელების დამატებით რისკებს ქმნის.

პარლამენტში ამ დროისთვის შესვენებაა გამოცხადებული, სხდომა ხუთის ნახევრიდან განახლდება.

დღის ამბები