ნიკა მელიას გათავისუფლებისთვის ევროკავშირის გირაო სპეციალურ ანგარიშზე ამ დრომდე არ ასახულა. "ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ მათთვის უცნობია პროცედურების ვადები და კონკრეტული დეტალები. ყველაზე დიდი ოპოზიციური ძალა კვლავ წინაპირობას აყენებს და ამბობს, რომ პარტიის ლიდერიც და პარტიის დანარჩენი წევრებიც გირაოთი გათავისუფლებას იმ შემთხვევაში ეთანხმებიან, თუკი პარლამენტი ამნისტიის კანონპროექტის "ქართულ ოცნებისეულ" ვარიანტს არ მიიღებს.
"ნიკა მელიას და ჩვენი სურვილი არის, რომ ეს ბარბაროსული კანონი, რომელიც დარეგისტრირებულია ქართული ოცნების მიერ და დიდი შანსია რომ ეს კანონი იქნას მიღებული, იყოს გამოწვეული. ევროკავშირის გირაოს რაც შეეხება ამასთან დაკავშირებით რაიმე ოფიციალური ინფორმაცია ან დასტური არ გვაქვს," - აცხადებს ზაალ უდუმაშვილი
განსხვავებულია სხვა ოპოზიციონერების ხედვა, ვინც ხელი მოაწერა შარლ მიშელის დოკუმენტს. ისინი ნიკა მელიას გათავისუფლების ნებისმიერ გზას მიესალმებიან.
ლელოს წევრი კახა კოჟორიძე აქცენტს აკეთებს შარლ მიშელის დოკუმენტის იმ ნაწილზე, სადაც საუბარია რომ ხელმომწერი მხარეები ვალდებულებას იღებემ, რომ "რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საკითხზე, ამნისტიის საშუალებით და/ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს," კახა კოჟორიძის თქმით, თუ ხდება ალტერნატიული ღონისძიებით ნიკა მელიას გათავისუფლება, მაშინ ამნისტია საჭიროდ აღარ ითვლება, თუმცა ამას ქართული ოცნება არასწორად კითხულობს.
"სტრატეგია აღმაშენებელში" მიიჩნევენ, რომ ნიკა მელია ევროკავშირის გირაოთი გათავისუფლებას ყოველგვარი წინაპირობების გარეშე უნდა დათანხმდეს და ამით ის ხელს შეუწყობს ოპოზიციის უფრო მოქნილ და გადამწყვეტ ქმედებებს ამნისტიის კანონთან დაკავშირებითაც.