12 მაისი 2024,   20:09
ვრცლად
"გარდაცვლილმა დედა შეაგინა, აღარ აპატია და დანისკენ წაიღო ხელი" - ასპინძაში მომხდარი მკვლელობის დეტალები

ასპინძაში ადგილობრივები მკვლელობის დეტალებზე საუბრობენ და ამბობენ, რომ გარდაცვლილსა და ბრალდებულს შორის უთანხმოება პერიოდულად იყო ხოლმე. 

"გარდაცვლილმა დედა შეაგინა, ბრალდებულმა გააფრთხილა, რომ მეორედ აღარ აპატიებდა, ისევ შეაგინა და დანისკენ წაიღო ხელი, 55 წლის კაცმა დაასწრო და ეს უბედურება მოხდა,"- ამბობს ადგილობრივი.

55 წლის მამაკაცმა, შელაპარაკების ნიადაგზე, 38 წლის მწყემსი მოკლა. ბათუმის მკვიდრი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა ასპინძის მუნიციპალიტეტში ოთარ თედორაძის ფერმაში მოხდა.

პოლიციამ ასპინძაში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა, დაკავებულია 1 პირი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1961 წელს დაბადებული ვ.კ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუზმარეთის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ფერმაში მწყემსად მუშაობს, ურთიერთშელაპარაკებისას, ამავე ფერმაში მომუშავე მწყემსს - 1983 წელს დაბადებულ ს.ს.-ს ცივი იარაღის გამოყენებით გულ-მკერდის არეში ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მწყემსი მომხდარიდან მალევე, ასპინძის მუნიციპალიტეტში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

დაკავებული დანაშაულს აღიარებს.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

დღის ამბები