10 მაისი 2024,   22:26
ვრცლად
"საქმეში არსებობდა მეორე პირიც... ეს იყო გამიზნულად ჩადენილი დანაშაული" - "საფარის" იურისტი ყაზახეთის მოქალაქე ქალის თვითმკვლელობას გამორიცხავს

თბილისში საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი 26 წლის ყაზახი ქალის ოჯახი ისევ საქართველოშია. გარდაცვლილი ექპერტიზის ბიუროში დედამ გვიან ღამით ამოიცნო, მას სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებიც გააცნეს.

ამ დროისთვის გარდაცვლილის ოჯახის ინტერესების დამცველი პოლიციის განყოფილებაში იმყოფება.

"ქალბატონმაც დაასახელა, რომ არსებობდა მეორე პირი საქმეში, თუნდაც იმ ოთახში, საიდანაც მოხდა გოგონას გადმოგდება. ჯერჯერობით გამოძიება რა კუთხით წარიმართება, არ ვიცით, ეს ყველაფერი გამოძიებამ არ გააჟღერა. ეს ქალი თვითნებურად არ გადმოვარდნილა, ვფიქრობთ, რომ ეს იყო გამიზნულად ჩადენილი დანაშაული,"- აცხადებს "საფარის" იურისტი ნინო ანდრიაშვილი.

გარდაცვლილის დედა დარწმუნებულია, რომ მისი შვილი მოკლეს.

"გასული ღამე ჩემთვის ძალიან მძიმე იყო. ამოცნობაზე ვიყავი და დავადასტურე, რომ ის ნამდვილად ჩემი შვილია. დარწმუნებული ვარ, რომ ის მოკლეს. 9 საათი მიმდინარეობდა გამოძიება. გამაცნეს ჩანაწერი, რომელიც თქვენთვისაც ცნობილია. მთავარი არგუმენტი, რომ ის მოკლეს, ეს ჩანაწერია. ბრალდებულის გვარები არა, მაგრამ სახელები ვიცი, ერთი ბესოა, მეორე - თეა. ჩემი შვილი თავს არ მოიკლავდა. ბოლოს რომ ვესაუბრე, ვუთხარი, რომ სტუმრად უნდა ჩამოვსულიყავი თბილისში, მას ჩემთან პრობლემებზე არ უსაუბრია,"- უთხრა "კურიერს" გარდაცვლილის დედამ აისუ აიპტაევამ.

გამოძიება გაუპატიურებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს. საქმეზე დაკავებულია 57 წლის მამაკაცი.

დღის ამბები