23 დეკემბერი 2024,   16:19
ვრცლად
დმანისში დაპირისპირების მიზეზი, სავარაუდოდ, ნისიაზე უარის თქმა გახდა - ინციდენტში მონაწილეები უკვე გამოიკითხნენ

დმანისში, 9 აპრილის ქუჩაზე დაპირისპირების ადგილზე და მაღაზიაში ექსპერტ-კრიმინალისტები გვიანობამდე მუშაობდნენ. სამართალდამცველებმა გარკვეული ნივთმტკიცებები ამოიღეს, მათ შორის, ხელკეტები.

მოგვიანებით, ჩხუბში მონაწილე პირები დმანისის პოლიციაში, გამოკითხვაზე გადაიყვანეს. გამოკითხვიდან გამოსულების თქმით, დაპირისპირება რამდენჯერმე გამწვავდა და ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა.

"კურიერმა" იმ მაღაზიის მეპატრონე ჩაწერა, სადაც თავდაპირველად ჩხუბი დაიწყო. როგორც აღმოჩნდა, ამ ყველაფერის მიზეზი გამყიდველის მხრიდან პროდუქტის ნისიაზე გაცემის უარი გახდა.

თვითმხილველები ყვებიან, რომ თავიდან მაღაზიის გამყიდველს 4 პირი დაუპირისპირდა, მოგვიანებით კი ისინი ადგილზე დაახლოებით 40 ადამიანთან ერთად დაბრუნდნენ და მაღაზიის მეპატრონეს სასტიკად გაუსწორდნენ. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

შეგახსენებთ, რომ დაპირისპირება დმანისში, 9 აპრილის ქუჩაზე, ადგილობრივ აზერბაიჯანულ თემსა და სვანეთიდან ჩასახლებულ ეკომიგრანტებს შორის, გუშინ საღამოს დაიწყო. ჩხუბის ამსახველი კადრები ერთ-ერთი მაღაზიის სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა. 

კადრებში კარგად ჩანს, ჯოხებითა და ბეისბოლის კეტებით შეიარაღებული ახალგაზრდების ჯგუფი. დაპირისპირებისას რამდენიმე მოქალაქე დაშავდა – დაზიანდა მაღაზია და რამდენიმე ავტომობილი.

 

დღის ამბები