20 ნოემბერი 2024,   00:45
ვრცლად
ქვეყნის მტერია ის, ვინც ამბობს, რომ ეს არის ეთნიკური თემა - შს მინისტრი დმანისში ჩავიდა

შინაგან საქმეთა მინისტრი დმანისში იმყოფება, სადაც ცოტა ხნის წინ მოსახლეობის ჯგუფებს შორის დაპირისპირება მოხდა. ვახტანგ გომელაურის თქმით, გარკვეული ჯგუფები ეთნიკური შუღლის გაღვივებას ცდილობენ, რასაც, მისი თქმით, უწყება არ დაუშვებს

"ეს არის ძალიან ცუდი ფაქტი. ეთნიკურად აზერბაიჯანელები და ქართველები ერთად ცხოვრობენ საუკუნეების მანძილზე, ჩვენი ძმები არიან ყველა და ეს თემა არ უნდა გადაიზარდოს ეთნიკურ დაპირისპირებაში, რა თქმა უნდა.

გამოძიება დაწყებულია, გამოკითხვა მიმდინარეობს და ჯერ დაკავებას ვერ დაგიდასტურებთ. ცუდი სიტუაცია იყო, გეთანხმებით და ქაოსური სიტუაცია შეიქმნა ძალიან სწრაფად. გუშინდელის მერე გაძლიერებული იყო პოლიცია, შემოყვანილი იყო მეტი ძალები, მაგრამ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი. გაათმაგებული იყო ძალები, მაგრამ ვერ მოხდა ამხელა მასის კონტროლი და მოხდა დამატებითი ძალების შემოყვანა დმანისში და სიტუაცია ამის შემდეგ განიმუხტა.

დღევანდელზე დაკავებას ვერ დაგიდასტურებთ, გუშინდელ ინციდენტზე კი გამოკითხვაზე არიან გადაყვანილნი.

ეთნიკურად აზერბაიჯანელები არიან ჩვენი მოქალაქეები, პირველ რიგში, აზერბაიჯანი არის ჩვენი მოკავშირე და მეგობარი და ქვეყნის მტერია ის, ვინც ამბობს, რომ ეს არის ეთნიკური თემა. ამის გაღვივებას და გამწვავებას არ დავუშვებთ. შეიძლება შევხვდეთ როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს,"- განაცხადა მინისტრმა.

შეგახსენებთ, დმანისში მოსახლეობის ორ ჯუფს შორის დაპირისპირება გუშინ მოხდა. თავდამსხმელები ხელკეტებით იყვნენ შეიარაღებულები. დაპირისპირებული მხარეების ყველა წევრი პოლიციაში გუშინ დაკითხეს, გამოკითხვები დღესაც გრძელდებოდა, რა დროსაც დაპირისპირების ახალი ტალღა დაიწყო. 

ხელჩართული ბრძოლის მიზეზი მაღაზიაში ე.წ. ნისიაზე უარის თქმა გახდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები