დმანისში ვითარება ცოტა ხნის წინ ისევ დაიძაბა. კონფლიქტში მონაწილე და ამჟამად გამოკითხვაზე მყოფების მხარდასაჭერად ქალაქში შესვლას ცდილობდა გარკვეული ჯგუფი.
გზა სამართალდამცველებს გადაკეტილი ჰქონდათ, თუმცა ადგილზე ჩასულებმა პოლიციის კორდონის გარღვევა მოახერხეს.
ადგილზე დაზიანებულია მანქანები, დაპირისპირებული მხარეები ხელკეტებით და ქვებით არიან შეიარაღებულები. ისინი აგრესიას როგორც ერთმანეთის, ასევე პოლიციის და ჟურნალისტების მიმართაც გამოხატავენ. ისინი ჟურნალისტებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, რამდენიმე ჟურნალისტმა დაზიანებაც მიიღო.
მოქალაქეები, რომლებმაც პოლიციის კორდონი გაარღვიეს, დმანისის პოლიციის მიმართულებით წავიდნენ, სადაც, მათი თქმით მათივე ახლობლები იმყოფებოდნენ და მხარდაჭერა გამოეცხადებინათ, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ ისევ დმანისის შესასვლელთან მიბრუნდნენ და პოლიციასთან დაპირისპირება გააგრძელეს.
ადგილზე ვითარება თითქმის უკონტროლოა.
დმანისის შესასვლელთან იზრდება სამართალდამცველთა რაოდენობაც.