19 ნოემბერი 2024,   20:28
ვრცლად
რა ჩაიწერება COVID-პასპორტში და როდიდან შეძლებენ მოქალაქეები მის საქართველოში გამოყენებას 

საქართველომ COVID პასპორტებზე მუშაობა უკვე დაიწყო. COVID პასპორტი, რომელსაც სპეციალური საშვის ფუნქცია ექნება, მოქალაქეებს სხვა ქვეყნებში მოგზაურობისას მწვანე შუქი უნდა აუნთოს.

დოკუმენტში დატანილი იქნება: პირადი მონაცემები, ვაქცინაციის სტატუსის - აცრის პირველი და მეორე თარიღი, ინფორმაცია გადატანილი ვირუსის და ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხის შესახებ. რაც მთავარია, ბარათი ვალიდური იქნება 6 თვე.

აქვს თუ არა მნიშვნელობა, რომელი ვაქცინით ავიცრებით?

COVID პასპორტის საკითხზე საქართვლოს გარდა დაახლოებით 20 ქვეყანა ფიქრობს, თუმცა გადაწყვეტილი არ არის რომელი პრეპარატით იქნება ამა თუ იმ ქვეყანაში შესვლა შესაძლებელი. საკითხზე მსჯელობს როგორც ევროპის მედიკამენტების ასოციაცია, ისე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, რომელიც მარტო ვაქცინაციის სტატუსით სპეციალური საშვის დაშვებას არ თანხმდება.

საქართველოში მოლოდინი აქვთ, რომ ვაქცინა, რომელიც საერთაშორისო დონეზე ეფექტურად არის აღიარებული, უნდა იყოს წინაპირობა, რომ მოგზაურობის დროს სტატუსი დამაკმაყოფილებლად ჩაითვალოს.

როდის დაწესდება ვაქცინირებულთათვის შეღავათები ქვეყნის შიგნით? 

სპეციალისტები ამბობენ, რომ პრივილეგიები შესაძლებელი იქნება, თუ გეგმის მიხედვით მოსახლეობის 20-30% იქნება აცრილი და გარკვეულ ჯგუფებში საზოგადოებრივი იმუნიტეტი გამომუშავდება. პრივილეგია, რომელიც სპეციალური საშვის მქონე მოქალაქეს შეიძლება ჰქონდეს, ეს არის ღამის საათებში დაწესებული შეზღუდვის დროს გადაადგილების უფლება.

როდიდან ექნება საქართველოს კოვიდპასპორტი?

დოკუმენტი ივნისის ბოლომდე მზად იქნება. პარალელურად, დაავადებათა კონტროლის ცენტრი მუშაობს ჯანდაცვის სამინისტროსა და მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან, რომ ერთი მხრივ, დაცული იყოს კონფიდენციალობა, მეორე მხრივ, არ გაყალბდეს მონაცემები.

დღის ამბები