04 მაისი 2024,   22:05
ვრცლად
რა ემუქრება ინდოეთის სოფლებს - ქვეყანას საგანგაშო ვითარებიდან გამოსასვლელად მილიარდობით დოზა ვაქცინა სჭირდება

ინდოეთში უმძიმესი ვითარებაა - COVID-19-ის კრიზისმა მეგაპოლისებიდან სოფლებში გადაინაცვლა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში ვირუსს 4300-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ინდოეთი კვლავ სამედიცინო აღჭურვილობის, პერსონალისა და ვაქცინის მწვავე დანაკლისს განიცდის.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ინდოეთს პანდემიის დასაძლევად მილიარდობით დოზა ვაქცინა სჭირდება, რასაც დამოუკიდებლად ქვეყანა ვერ გაუმკლავდება.

ქვეყნებს მასობრივ ვაქცინაციაში ამერიკის შეერთებული შტატები დაეხმარება. ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებით, შტატები კოვაქს პლატფორმის საშუალებით ორი თვის განმავლობაში სხვადახვა ქვეყანას მოამარაგებს. ამისთვის ვაშინგტონმა 80 მილიონი დოზა გამოყო.

ჯანდაცვის ექსპერტები ინფექციის შემთხვევების შეკავების ერთ-ერთ ეფექტურ გზად იმუნიზაციას მიიჩნევენ.

ამ დროისთვის მსოფლიოს 176 ქვეყნაში ვაქცინის თითქმის მილიარდ ნახევარი დოზაა გამოყენებული. რაც იმას ნიშნავს, რომ პლანეტის მოსახლეობის მხოლოდ 10 პროცენტია აცრილი. ყველაზე სწრაფი ტემპით ვაქცინაცია ჩინეთში მიმდინარეობს, მას შეერთებული შტატები და ევროკავშირი მოჰყვება.

 

ავტორი: ანი მურადაშვილი

დღის ამბები