07 მაისი 2024,   21:15
ვრცლად
ანჯელინა ჯოლის ფუტკარი კაბის ქვეშ შეუფრინდა - რა მიზანი ჰქონდა ჰოლივუდის ვარსკვლავის ფოტოსესიას მწერებთან

ჰოლივუდის ვარსკვლავმა ანჯელინა ჯოლიმ ფუტკრების ოჯახთან ერთად ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა. ფოტოსესიის მიზანი ფუტკრების გაქრობის პრობლემისადმი ყურადღების მიქცევა იყო. ფოტოსესიის ვიდეო National Geographic-მა გამოაქვეყნა.

ფოტოგრაფ დენ უინტერსის თქმით, მსახიობი 18 წუთის განმავლობაში გაუნძრევლად იდგა, ამასთან მისთვის არცერთ ფუტკარს არ უკბენია.

ფოტოსესია ეძღვნება ფუტკრის მსოფლიო დღეს, რომელიც 20 მაისს აღინიშნება. ფოტოსესიის საშუალებით ანჯელინა ჯოლის სურს ყურადღება მიიპყროს მწერების დაცვის აუცილებლობაზე და იუნესკოსა და კოსმეტიკური სახლის Guerlain Women for Bees-ს ერთობლივ პროგრამაზე. ამ პროგრამის ფარგლებში ქალებს ფუტკართან მუშაობას ასწავლიან.

"უბრალოდ, სასიამოვნო იყო ამ მშვენიერ არსებებთან კონტაქტი. რა თქმა უნდა, იყო ბზუილი და მომიწია  უძრავად ყოფნა, რაც ჩემთვის ადვილი არაა", - განაცხადა მსახიობმა.

ჯოლის თქმით, მას გადაღებების დროს მოუწია ცხვირისა და ყურების დაფარვა, რომ იქ ფუტკარი არ შეფრენილიყო.  როგორც მსახიობი ამბობს, ერთი ფუტკარი მისი კაბის ქვეშაც შეიპარა.

National Geographic იუწყება, რომ 2006 წლიდან ფუტკრის პოპულაცია სწრაფად იკლებს პესტიციდების გამოყენების და კლიმატის ცვლილების გამო. იმის გათვალისწინებით, რომ ფუტკარი ბევრი მცენარის დამტვერვაში მონაწილეობს მათი გადაშენება კაცობრიობისთვის შიმშილის საფრთხეს შექმნის.

პროგრამა Women for Bees - რომელსაც ანჯელინა ჯოლი უჭერს მხარს, მიმართულია მეფუტკრეობით დაკავებული ქალების დასახმარებლად.  იუნესკო ელის, რომ ამ პროგრამის წყალობით 2025 წლისთვის ფუტკრების რაოდენობის 125 მილიონამდე გაზრდა იქნება შესაძლებელი. 

 

CREDIT: PHOTOGRAPH BY DAN WINTERS/NATIONAL GEOGRAPHIC

 

დღის ამბები