19 ნოემბერი 2024,   20:38
ვრცლად
"50 ლარის მიხედვით სამი დღე დაგალაპარაკებ..."- გიგი დავითაშვილის თქმით, ყოფილი მეუღლე ბავშვთან კონტაქტის სანაცვლოდ ფულს სთხოვს

მამა 5 წლის შვილის ნახვის უფლებას ითხოვს და აცხადებს, რომ მისი ყოფილი მეუღლე ბავშვთან კონტაქტის სანაცვლოდ ფულის გადახდას სთხოვს.

ამასთან მისი თქმით, მოზარდი დედის მხრიდან ფიზიკური და ფსიქოლოგიური ანგარიშსწორების მსხვერპლია.

მეუღლეებს შორის დავა ახლა სააპელაციო სასამართლოში მიმდინარეობს. მეორე ინსტანციის სასამართლოს მცირეწლოვანის მამამ მას შემდეგ მიმართა, რაც პირველმა ინსტანციამ ბავშვის საცხოვრებელ ადგილად დედის სახლი განსაზღვრა.

მამა ამბობს, რომ დედა ბავშვით მანიპულირებს და მტკიცებულებებად შეტყობინებები მოჰყავს.

"50 ლარის მიხედვით სამი დღე დაგალაპარაკებ და თუ ჩარიცხავ, კიდე დაგალაპარაკებ, თუ არადა მეტი აღარ შემაწუხო,"- ნათქვამია ბავშვის დედის მიერ მიწერილ შეტყობინებაში.

გიგი დავითაშვილის ყოფილმა მეუღლემ ეკა ხატიაშვილმა "კურიერის" კითხვებს სასამართლოს ეზოში არ უპასუხა. სახლში გაკეთებული კომენტარისას კი, ოჯახმა გავრცელებული ინფორმაცია უარყო და ბავშვზე ძალადობაში მამა დაადანაშაულა.

როგორ დასრულდება მცირეწლოვნის მეურვეობის საკითხზე ყოფილი ცოლ-ქმრის დავა, გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ უნდა მიიღოს. მხარეები საკუთარ სამართლებრივ არგუმენტებს ერთ თვეში ჩანიშნულ პროცესზე წარადგენენ.

შვილის ინტერესების დასაცავად მამა ბრძოლას ქვეყნის ფარგლებს გარეთაც აპირებს. ყოფილ მეუღლეებს შორის დავაზე შესაძლოა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულმა სასამართლომაც იმსჯელოს.

დღის ამბები