რას ცვლის ქვეყანაში კორონავირუსის კიდევ ერთი შტამის დადასტურება და რამდენად საშიშია ვირუსის ე.წ სამხრეთ აფრიკული ვერსია - ეპიდემიოლოგები მოსახლეობას ამშვიდებენ, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს, თუმცა მოუწოდებენ დაიცვან რეკომენდაციები.
"სამხრეთაფრიკული შტამის ერთი შემთხვევა დადასტურდა, მანამდე ჩინური შტამის 5 შემთხვევაც დადასტურდა. ვირუსი მთელს მსოფლიოში გავრცელდა და ჩვენ უნდა ველოდოთ ამის გავრცელებას, ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ არავინ შემოვუშვათ და არ გავუშვათ. უმეტეს შემთხვევაში ამ ერთი შტამის მიმართ გამომუშავებული ანტისხეულები იცავს მეორე შტამისგან. თუმცა, არც რეინფექცია არის გამორიცხული," - აცხადებს ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების უფროსი მარინა ენდელაძე.
ეპიდემიოლოგი ოთარ ჩოკოშვილი კი აცხადებს, რომ ახალი შტამები შესაძლოა უფრო ნაკლებად საშიში იყოს, ვიდრე მიმდინარე შტამი.
"რაც უფრო მეტად არის ვირუსი გავრცელებული, მით მეტია იმის შანსი, რომ ახალი შტამები წარმოიშვას. ინფექციის პრევენციის ერთ-ერთი მიზანი ისიც არის, რომ შევაჩეროთ ახალი შტამების წარმოქმნის პროცესი. მაგრამ რადგან უკვე გავრცელებულია ეს შტამები, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ არ გავრცელდეს. ახალი შტამები ზოგიერთი სულაც არ არის საშიში, შესაძლოა უფრო ნაკლებად საშიშიც კი იყოს, ვიდრე მიმდინარე შტამი, იმიტომ, რომ ვირუსი ცდილობს ამით გადარჩეს და შეეგუოს ადამიანებთან თანაცხოვრებას," - აღნიშნავს საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორი, ეპიდემიოლოგი ოთარ ჩოკოშვილი.
აღსანიშნავია, რომ დღეს საქართველოში სამხრეთაფრიკული შტამის ერთი შემთხვევა დაფიქსირდა.