გიგი უგულავა საქალაქო სასამართლოში მის საქმეზე ჩანიშნულ პროცესს ეხმაურება და ძიუდოისტის ცემის ამბავს აბსურდს უწოდებს. როგორც გიგი უგულავა ამბობს, ის საქმეში ბრალდებული არ არის, რადგან ბადრი გავაშელიშვილი მას არ უცემია.
"ძიუდოისტის ცემის ამბავი თავისთავად ხომ აბსურდია. იმ კაცს რომ შეხედავ, მიხვდები, რომ ხელები და ფეხები ერთი ზომა აქვს, რანაირად უნდა სცემო, არ ვიცი. მაგრამ ისე საცემი, როგორც ჩანს, მართლა არის, მოსყიდვაზე, რომ წაჰყვა ხელისუფლებას. ჩვენი ქართული მართლმსაჯულების ცინიზმი იქამდე მიდის, რომ შეიძლება ხვალ დამახვედრონ ბადრი საბა გავაშელიშვილის წერილი, რომ თურმე ის მპატიობს, რომ მე ის ვცემე. ეს, რა თქმა უნდა, ცინიზმის გაგრძელებაა, მე არავის ამნისტია არ მჭირდება, ეს არ არის 126-ე მუხლი და მე არ ვარ აქ ბრალდებული, იმიტომ, რომ მე ეს პირუტყვი არ მიცემია. მოწმე, რომელიც მაგიდასთან იჯდა ჩვენთან ერთად, მესამე ადამიანი, ის არც კი დაუკითხავს გამოძიებას, არათუ კამერების ამოღება," - აცხადებს გიგი უგულავა.
საქალაქო სასამართლოში ხვალ გიგი უგულავას პროცესი გაიმართება. უგულავა სოციალურ ქსელში წერს, რომ 11 საათზე ჩაინიშნა იმ საქმის განხილვა, რომელიც აეროპორტში მომხდარ ინციდენტს ეხება. შემთხვევა თბილისის აეროპორტში 2019 წლის 11 დეკემბერს მოხდა. გიგი უგულავას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ძალადობას გულისხმობს.