"ნამახვანჰესის" წინააღმდეგ მიმდინარე აქციაზე დაკავებულ ირაკლი მუკბანიანს პოლიციელზე თავდასხმისთვის ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. ადვოკატის ინფორმაციით, სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, ხვალ გაიმართება.
დაცვის მხარე აპირებს დააყენოს შუამდგომლობა, რომ მუკბანიანს აღკვეთის ღონისძიებად, გირაოს გადახდის სანაცვლოდ გათავისუფლება შეეფარდოს.
"მხოლოდ და მხოლოდ პოლიციელები არიან დაკითხულები, სხვა მოწმეები საქმეში არავინ არ არის. არ არის გაფრთხილების ოქმები, თუმცა იყო პირად საუბრებში პოლიციასთან, რომ ჩვენ მივმართეთ ოჯახს, რომ გამოცხადებულიყო, თუმცა ასეთი რაიმე დოკუმენტაცია არ არსებობს. დაკავებულს წინააღმდეგობა არ გაუწევია, ითხოვდა, მე დავაწყნარებ აღელვებულ ხალხს, მოხდა მასზე ძალის გამოყენება, დააგდეს დაბლა, მიყენებული აქვს დაზიანება,"-აცხადებს ირაკლი მუკბანიანის ადვოკატი ციცი ბაბუნაშვილი.
"ვითხოვთ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, სამართლიანობის აღდგენას. არ იყო საჭირო სპეცრაზმის ჩარევა და შტურმით წესიერი ადამიანის დაკავება. მოხვედრილი აქვს რეზინის და მაკაროვის ტყვია, როგორც გავიგე ექიმისგან," - განმარტავს ირაკლი მუკბანიანის ძმა ბესიკ მუკბანიანი.
გამოძიება 353-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობას, მუქარასა ან ძალადობას გულისხმობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პირის დაკავება მოსამართლის განჩინების საფუძველზე მოხდა.
შეგახსენებთ, ირაკლი მუკბანიანი პოლიციამ გუმათში გამართულ აქციაზე გუშინ დააკავა.